LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უამრავი კომპანია შევა ჩიხში – კადრების შემცირებით მოხდება შემოსავლებისა და მოგების შემცირებაც” – FM ქოუჩი

4
giorgi-kalatozishvllnswsss

როგორ უნდა იმოქმედონ კომპანიებმა კრიზისის დროს, სად არის გამოსავალი და არის თუ არა კომპანიისთვის თანამშრომელი ყველაზე დიდი კაპიტალი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში  “FM ქოუჩი” ქოუჩმა გიორგი კალატოზიშვილმა ისაუბრა.

რა გზას გადიან ახლა კომპანიები? 

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უკვე ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა. შესაბამისად, უამრავი ადამიანი უკვე დარჩა სამსახურის გარეშე. ამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა HR Hub-მა, რომელიც HR მენეჯერების ყველაზე დიდი გაერთიანებაა საქართველოში. 2 დღის წინ HR hub-მა გადაწყვიტა დაეხმაროს დროებითი სამსახურის მოძიებაში იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პერიოდში დაკარგეს შემოსავლების ერთადერთი წყარო. შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა, სადაც ყველა მსურველს რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა და სასწრაფოდ სურს დასაქმება, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. საკონტაქტო მონაცემებს HR Hub აწვდის შესაბამისი კომპანიების HR მენეჯერებს. ამ ეტაპზე ბაზაში დარეგისტრირდა 200-ზე მეტი ადამიანი. მათი უმეტესობა დასაქმებული იყო HORECA სექტორში (დაახლოებით 90%). ეს ის სექტორია, რომელსაც უშუალოდ დაარტყა მიმდინარე კრიზისმა. „ეისითის“ მიერ მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგად (გამოიკითხა სხვადასხვა ზომის 124 ორგანიზაციის ტოპ-მენეჯერი, წყარო: http://bit.ly/3de3cmE) ირკვევა, რომ პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების ნახევარზე მეტი (51%) აცხადებს რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა, ამასთან ორგანიზაციების მხოლოდ მესამედმა (31%) დაიწყო მუშაობა ხარჯების ნაწილობრივ თუ მკეთრ შემცირებაზე.

როგორი კომუნიკავია უნდა ჰქონდეს ამ დროს კომპანიას თანამშრომლებთან?

შიდა ჯგუფი კრიზისის დაძლევით ყველაზე მეტად დაინტერესებული ჯგუფია, შესაბამისად, კრიზისის დროს ეს ყველაზე მოტივირებული ჯგუფია, რომელიც ხელმძღვანელობამ უნდა ჩააყენოს ყველა მიმდინარე საქმის თუ სამომავლო გეგმის კურსში და დაიყენოს გვერდში.

კრიზისის დროს წარმოიდგინეთ თქვენი თანამშრომლები, როგორც ქვის სროლით წარმოქმნილი პირველი წრე, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან და მოვლენასთან. შესაბამისად, შიდა აუდიტორიასთან კომუნიკაციას გააჩნია მაღალი პრიორიტეტი, რადგან სწორედ იქიდან ვრცელდება კომუნიკაცია შემდეგ წრეებზე – კლიენტებზე, პარტნიორებზე, პროფესიულ საზოგადოებაზე, ზოგადად საზოგადოებაზე და მას-მედიის წარმომადგენლებზე.

წყალში ჩაგდებული ქვის ეფექტით კრიზისის ტალღები გრძელდება. იზრდება კონფლიქტის წრეც. მით უმეტეს, რომ დღეს სოციალური ქსელების და სოციალური მედიის წყალობით საზოგადოებას აქვს წვდომა თქვენ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებზე და ინფორმაციაზე და ინფორმაციის წყაროდ იყენებს თქვენ თანამშრომლებს. კრიზისის დროს საზოგადოებისთვის ეს ყველაზე სანდო წყაროა. მაგალითისთვის, ჩინეთში დაწყებული კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად სოციალურ მედიაში იტვირთებოდა ექიმების ვიდეომიმართვები იმის თაობაზე, რომ მთავრობა მალავს ფაქტებს და ვითარება გაცილებით მძიმეა. ამ მაგალითზე კარგად ჩანს, რომ კრიზისის დროს თქვენ, როგორც კომუნიკატორი, ნაკლებად სანდო ხართ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც სვამს კითხვას – რატომ გაათავისუფლეთ თანამშრომელი? რატომ მიმართეთ ამ უკიდურეს ფორმას? გქონდათ თუ არა არჩევანი? რატომ ტოვებთ კრიტიკულ დროს ამ ადამიანს პრობლემებთან და სამყაროსთან სრულიად მარტოდ? რატომ ფიქრობთ „ხარჯის შემცირებაზე“, როდესაც უნდა ფიქრობდეთ „ღირებულ ადამიანებში ინვესტირებაზე?“ მოკლედ, ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის შესახებ იმის მიხედვით თუ როგორ გხვდება და გემშვიდობება ის, თქვენ როგორ ხვდებით და ემშვიდობებით თქვენ თანამშრომლებს? ამას აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან ურთიერთობა, მისგან მომსახურების მიღება, პროდუქციის შეძენა, რომელსაც გააჩნია მაღალი კორპორაციული კულტურა და სოციალური პასუხისმგებლობა.

რას აკეთებს ამ დროს „კანტორა“? ამცირებს ხარჯს, ანუ მაღალკვალიფიციური კადრის გაშვების შემთხვევაში კომპანია იგებს მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა ამ წინდაუხედაობის გამო უამრავი კომპანია შევა ჩიხში – კადრების შემცირებას მოყვება შემოსავლების და მოგების შემცირებაც, რომელსაც გუნდთან ერთად უზრუნველყოფნდნენ გათავისუფლებული პროფესიონალები. შემოსავლების და მოგების კლება წარმოქმნის შტატების შემცირების მორიგ ტალღას. და ასე ვიტრიალებთ დახურულ მოჯადოებულ წრეში, საიდანაც არ არსებობს იდეალური გამოსავალი. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი გამოსავალი იქნება მხოლოდ სახელმწიფოს არ ვთხოვდეთ ქამრის შემოჭერის პოლიტიკის დანერგვას და დაცვას, დღეს კომპანიებმაც უნდა შეამცირონ მაღალი მოგების მარჟები, დროებით თქვან უარი მოგებაზე და გააკეთონ ფსონი ყველაზე დიდ კაპიტალზე – თანამშრომლებზე.

ყველა კრიზისი ეს არის დარტყმა ორგანიზაციის იმუნურ სისტემაზე, რომელიც იცავს მას. იცავს, როგორც გადამდები დაავადებებისგან, ისე სტრესისგან. იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილია ის უჯრედები, რომლებიც სხვადასხვა როლს და ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმის დაცვაში, ორგანიზაციისთვის ასეთი უჯრედია თანამშრომელი და მას გაძლიერება სჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია არ აფასებს თანამშრომლებთან ურთიერთობის საკითხს კომპლექსურად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები