წარმატებული ქალი ყოველთვის ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს და საკუთარი თავის წარდგენა შეეძლოს - თამარ ბაღდავაძე

8 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საქართველოს წარმატებულ ქალთა აკადემიის დააფუძნებელი თამარ ბაღდავაძე სტუმრობდა.

სოციოლოგის პროფესიის და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, ქალბატონმა თამარმა სასტუმროები „კრუიზი“ და „კოსტე“ გახსნა, მერე კი, საქართველოს წარმატებულ ქალთა აკადემია დააფუძნა, თუმცა, მუდმივი განვითარების და გამოცდილების გამდიდრების სურვილით დღესაც აგრძელებს სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – შეფილდის უნივერსიტეტში.

– ქალბატონო თამარ, დიდი ხანია ადევნებთ თვალს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს.  როგორ შეაფასებთ ჰორეკას განვითარებას?

– ვფიქრობ, სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება, რაც კერძო ბიზნესის დამსახურებაცაა, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა მის გაფართოვებაში. უამარავი ახალი და კვალიფიციური კარდი გამოჩნდა, რომელთაც პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების ხარჯზე შეიძინეს გამოცდილება და სწრაფად შეძლეს ევროპულ ხარისხს, სტანდარტებს მორგება, ამიტომ დღეს  აღარავის უკვირს მაღალი დონის მომსახურება მსოფლიო სტანდარტების სრული დაცვით.

– მალე ყაზბეგში გახსნით სასტუმროს. საინტერესოა, სად პოულობთ მოტივაციას ახალი პროექტების განსახორციელებლად?

– ალბათ ძალიან მოუსვენავი ვარ, არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება და სულ ახლის კეთებას, განვითარებას ვცდილობ. პროგრესი – სწორედ მუდმივი წინსვლაა ახალი იდეებით, რომლებიც ერთ პროექტზე მუშაობისას იბადება და მისი დასრულებისთანავე გიბიძგებს ახლის დაწყებასკენ. ყაზბეგში ახლა ვიწყებთ მუშაობას და სავარაუდოდ ორ წელიწადში დავასრულებთ.

– უამრავი საინტერესო ლოკაცია შექმენით, თვითონ სად ხართ ყველაზე კომფორტულად?

– ძალიან მიყვარს „კოსტე“, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ, თუმცა, ყველაზე კომფორტულად მაინც სახლში ვარ, ოჯახურ გარემოში.

– რატომ გადაწყვიტეთ წარმატებულ ქალთა აკადემიის დამფუძნება?

– ჩვენი აკადემია, რომლის მთავარი მიზანი ქალბატონების ხელშეწყობაა, მრავალ სფეროს აერთიანებს – კულტურით, ისტორიით და ლიტერატურით დაწყებული, ბიზნესის, ეტიკეტისა და სხეულის ენის ე.წ. „სხეულის ენის“ შესწავლით დასრულებული, რაც ნებისმიერს დაეხმარება საკუთარი თავის, ინტერესების მოძიებაში, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისებასა და სხვადსახვა თემაზე თავისუფლად საუბარში, თვითრწმენის მოპოვებასა და თვითშეფასების ამაღლებაში.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ქალს?

– ვფიქრობ, წარმატებული ქალი ყოველთვის დახვეწილად,  ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს და საკუთარი თავის წარდგენა შეეძლოს, მრავალმხრივი ცოდნა უნდა ჰქონდეს და საქმის პროფესიონალი იყოს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ახალი სფეროთი ხომ არ აპირებთ დაინტერესებას?

– ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, რადგან მთელი ყურადღება აკადემიაზე მაქვს გადატანილი, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამიტომ გამორიცხული არაა მომავალში სკოლაც გავაკეთოთ მოზარდებისთვის.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– სიმართლე ვთქვა, ყველა სტილის მორგება მოვასწარი სპორტულის ჩათვლით.

– ეტიკეტის რა პრინციპების დაცვას ითხოვთ თანამშრომლებისგან?

– რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნესში მთავარი სერვისია. სტუმრები ყოველთვის მაღალი დონის მომსახურებას ელიან, ჩვენ კი, ვალდებული ვართ სრულად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები.

– გაქვთ თუ არა აქსესუარი, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ?

– ალბათ, ტელეფონი. თუმცა საათიც ყოველთვის თან მაქვს და უბის წიგნაკიც, რომელსაც დღის ბოლოს ვავსებ და ყველა მცირე თუ დიდ გამარჯვებას, შეცდომებს და სამომავლო გეგმებს ავღნიშნავ.

– პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად ამართლებს სურვილების ფურცელზე დაფიქსირება?

– რა თქმა უნდა, ამართლებს, რადგან იდეის ფურცელზე გადატანით თითქოს მუდმივად ახსენებ საკუთარ თავს, რა არის გაკეთებელი და რა მიმართულებით უნდა იმუშავო.

– საქმიან შეხვედრაზე რა პრინციპით წყვეტთ, ღირს თუ არა პარტნიორთან სამომავლოდ თანამშრომლობა?

– ვფიქრობ, მთავარი ორმხრივი ინტრესია, რადგან ძალიან არ მიყვარს, უმიზნოდ საუბარი და დროის ფუჭად ხარჯვა.

– უამრავი საქმის და სირთულის ფონზე როგორ ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას?

– გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, მეც ხშირად ვარ უკმაყოფილო, თუმცა ვცდილობ ყველაფერს ღიმილით შევხედო და ნეგატიურ ემოციებზე არ დავიხარჯო.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვფიქრობ, მთავარი არა სისწრაფე, არამედ გადაწყვეტილების დროულად მიღებაა, რადგან ზოგჯერ სერიოზულად დაფიქრება, ყველაფდრის დეტალურად გათვლაა საჭირო, ზოგჯერ კი, სწრაფადაც შეიძლება გადაწყვეტა.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა, რომლითაც ხშირად ამხნევებთ საკუთარ თავს?

– მუდმივად ვახსენებ საკუთარ თავს, რომ მთავარი წინსვლა და განვითარებაა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენი იმიჯი.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ძალიან მინდოდა დიპლომატობა, რათა საქრთველოს და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა მომეგვარებინა.

– ჟურნალისტის შეკითხვა, რომელიც განსაკუთრებით გაღიზიანებთ?

– ნაკლებად მახსენდება, რადგან ძალიან მომწონს ქართველი ჟურნალისტები.

– ახალი გამოცდილება, რომელიც შეფილდის უნივერსტეტში შეიძინეთ?

– მართლაც ფასეული ცოდნა მივიღე და ძალიან გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდი სწორი და გამართლებული იყო.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ადრე მარკებს ვაგროვებდი, თუმცა კოლექცია გაიყიდა, თანხა კი, ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს გადავეცი.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ჯერ ბავშვი მიმყავს სკოლაში, მერე თვითონ მივდივარ ვარჯიშზე, 12 საათიდან კი, აქტიურად ვებმები მუშაობაში.

– საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის?

– შოპინგით საზღვარგარეთ, მეტწილად პარიზში ვინტერესდები.

– რის ნიჭს ისურვებდით ყველაზე მეტად?

– ძალიან მინდა მუსიკის წერა შემეძლოს.

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ვფიქრობ, კარგი მზარეული ვარ, რადგან ძალიან მომთხოვნი შვილი მყავს.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– დიდ, ლამაზ სტუდიას დაგიხატავდით და სურვილის შემთხვევაში დაგიპროექტებდით კიდეც.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ძალიან ცვალებადი ფორმულა მაქვს, რომელიც განვითარების ყოველ ახალ ეტაპზე იცვლება. ვფიქრობ, მთავარი შეცდომების გათვალისწინება და საჭირო დასკვნების გაკეთებაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გარისკვა და პერიოდულად საქმინობის ახალი სფეროს მოძიება, მისი სრულფასოვნად შესწავლა და საკუთარი ინოვაციების თამამად გამოცდა.