LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველაზე დიდი ბედნიერება სადიპლომო ნამუშევარმა მომიტანა, იმ პერიოდში კომპიუტერი არ არსებობდა, მხოლოდ ფირებით ვმუშაობდით” – რეჟისორი ვანო თვაური „წარმატების ფორმულაში“

35
ვანო თვაური

28 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ რეჟისორი ვანო თვაური სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და ახალ ანიმაციურ ფილმზე „უხილავი ხალხზე“ ისაუბრა.

– ბატონო ვანო, რატომ გადაწყვიტეთ რეჟისორობა, როგორც ვიცი, პირველადი პროფესიით ოპერატორი ბრძანდებით?

– ოპერატორობა ზედმეტად ხარჯიანი აღმოჩნდა, რადგან თვითონ მიწევდა ფირების გამჟღავნება, ამიტომ რეჟისორობა მოვსინჯე და მგონი გამომივიდა.

– ნამდვილად გამოგივიდათ, რადგან უამრავი პრიზი მოიპოვეთ საერთაშორისო კინოფესტივალებზე. რამდენად გმატებთ სტიმულს გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება?

– ხელოვანებს ყოველთვის განსხვავებული ხედვა და დამოკიდებულება გვაქვს სამყაროს მიმართ, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს აღქმასა და წარმოდგენას სხვაც იზიარებს და პრიზით აღნიშნავს.

– რომელი ჯილდოა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

– ყველა ჯილდო სასიამოვნოა, რადგან სწორედ ასე ფასდება ადამიანის მუშაობა.

– რას წარმოადგენს დოკუმენტური ანიმაცია „უხილავი ხალხი“?

– სიმართლე ვთქვა, წარმოდგენა არ მქონდა რა გამოვიდოდა საბოლოოდ, რადგან მუდმივად ვართულებდი სიუჟეტს და ძალიან გამიგრძელდა მუშაობა. ფილმის პრემიერა 7 დეკემბერს შედგება კინოთეატრ „ამირანში“ და იმედია მაყურებელი თვითონ შეაფასებს. ზოგადად, ძალიან უცნაური ფილმია, ისე როგორც დოკუმენტური ანიმაციის ჟანრი. ფილმის მთავარი გმირი მასწავლებელია, რომელიც კონფლიქტის ზონებში საქმიანობს და ბავშვებთან ერთად პედაგოგებსაც უტარებს გაკვეთილებს, პარალელურად კი, ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს, რადგან ომს მხოლოდ ნგრევა და უბედურება მოაქვს. თუმცა, რაც მეტს ქადაგებს, მით უფრო წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან, რადგან ომი რომ არა, არც თვითონ ექნება სამუშაო. მართალია, ფილმით ბევრმა მოიწონა, მაგრამ ბევრი ვერ მიხვდა, როგორც შეიძლება დოკუმენტური სიუჟეტის 3D-ფორმატში გაკეთება.

– რამდენად ინტერესდებიან ახალგაზრდები ანიმაციით?

– მართალია, ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან, მაგრამ სამხატვრო აკადემიას არ აქვს ანიმაციის შესწავლის ჯგუფი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ იმ მეთოდების სტუდენტებისთვის გაზიარებას, რომელიც თვითონ ვიცი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის იმ თანამედროვე ხერხებისა და მეთოდების ცოდნა, რომლითაც დღეს ხელოვანები სარგებლობენ მთელ მსოფლიოში, მით უფრო, რომ 3D-ანიმაცია საკმაოდ მაღალანაზღაურებადია.

– რამდენად პოპულარულია საქართველოში ე.წ. მომავლის პროფესიები?

– უცნაურია, მაგრამ დღეს გოგონები უფრო აქტიურობენ, ვიდრე ბიჭები. ახალგაზრდა ქალბატონები უფრო მეტად ინტერესდებიან, მეტს მუშაობენ და შედეგიც ყოველთვის უკეთესი აქვთ.

– ანიმაციის პარალელურად მაისურებსაც უშვებთ ორიგინალური წარწერებით. ყველაზე საინტერესო ფრაზას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– ჩვენს ფირმას „მეორე მე“ ჰქვია, მეტწილად მაისურების დიზაინზე ჩემი და ქეთი – ძალიან ნიჭიერი მხატვარი მუშაობს. სწორედ ის ხატავს ესკიზებს, რომლებიც სამოსზე გადაგვაქვს, თუმცა საქართველოში გავრცელებული ტექნოლოგიისგან განსხვავებით ჩვენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საღებავს ვიყენებთ.

– რას თვლით გარდამტეხ მომენტად, როცა დარწმუნდით, რომ სწორად აირჩიეთ პროფესია?

– ყველაზე დიდი ბედნიერება სადიპლომო ნამუშევარმა მომიტანა. იმ პერიოდში კომპიუტერი არ არსებობდა, მხოლოდ ფირებით ვმუშაობდით, რაც საკმაოდ რთული იყო, რადგან ყველაფრის კომბინირება გვიწევდა. პრემიერა კინოსტუდიაში შედგა, უზარმაზარ ეკრანზე გავიდა ჩემი ფილმი და აღფრთოვანებული დავრჩი, რადგან არაჩვეულებრივად შევძელი აუდიო და ვიზუალური მასალის გაერთიანება.

– რა პროექტზე თანამშრომლობთ CineDOC-თან?

– CineDOC – ძალიან საინტერესო ფესტივალია, რომლის მესვეურთა ინიციატივით რამდენიმე კინოსკოლა შეიქმნა და უამრავი ბავშვი დაინტერესდა დოკუმენტური კინოთი. ამასთანავე, ეწყობა ფესტივალები ბავშვებისთვის, რომელთაც თავად სკოლები იწევენ ორგანიზებას. მართლაც, საოცარი ბავშვები გვყავს, ძალიან კარგად ესმით კინო და ზოგადად ხელოვნება. ვფიქრობ, სწორედ ესაა CineDOC-ის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება.

– როგორია იდეალური გარემო შემოქმედისთვის?

– ძალიან ემოციური ვარ, თუმცა ხშირად მიწევს ემოციების დამალვა, ამიტომ იდეალურ გარემოდ ის ადგილი და ადამიანები მიმაჩნია, ვინც საკუთარი თავის შეზღუდვების გარეშე გამოვლენაში მეხმარება. ახლა „რუსთავი 2“-ში ვმუშაობ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან თვითონაც ძალიან მიყვარს თანამშრომლები და დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან ვუყვარვარ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ახალ დოკუმენტურ ანიმაციაზე ვმუშაობ, რომელიც გაგრის მკვიდრს დავით მაისურაძის და მისი ოჯახის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის სწრაფად მირჩევნია.

 

ბლიცკითხვები –

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „გამარჯობა“ და „მადლობა“.

– რას თვლით განტვირთვის საუკეთესო საშუალებად?

– ფეხით სეირნობას.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– მეუღლეს.

– სპორტის რომელი სახეობა გიტაცებთ?

– ჩოგბურთი და ფეხბურთი.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ათ მზეს და ერთ ადამიანს.

– როგორია თქვენი „წარმატების ფორმულა“?

– ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მთავარი მოთმინება და დაუღალავი შრომაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები