LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი ლობჟანიძე: მაშინ ჩემი ბავშვობა დასრულდა, ეს ტრავმა მთელი ცხოვრება ყველაფერ კარგს ბლოკავდა

1294

ადამიანებს ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ. ზოგიერთ მათგანს წინააღმდეგობები აბრკოლებს, ზოგისთვის კი სირთულეები წარმატებისკენ  მიმავალ გზაზე მთავარი მოტივაცია ხდება.

27 წლის ქოუჩი, კახი ლობჟანიძე უმამოდ გაიზარდა. 21 წლის ასაკში, დედის ანაბარა მარტო დარჩენილი უამრავ წინააღმდეგობას შეებრძოლა.

სკოლის ასაკში, მეგობართან მნიშვნელოვანი დამწვრობა მიიღო:

წყალი შემომესხა და მთლიანად დავიწვი. ამის შემდეგ, დამწვრობის ცენტრში, გამაყუჩებლის გარეშე, დამწვარი სხეული ,,ამაფხიკეს”. არაამქვეყნიური ტკივილი გადავიტანე და შემდეგ, დავივიწყე. თუმცა, გავაცნობიერე, რომ მაშინ ჩემი ბავშვობა დასრულდა. ეს ტრავმა მთელი ცხოვრება ყველაფერ კარგს ბლოკავდა, მაგრამ ასაკთან ერთად გავაცნობიერე, რომ ყველანაირი ტრავმა და სირთულე ადამიანს აძლიერებს.

კახიმ 16 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და არც მეტი, არც ნაკლები მეეზოვედ დაიწყო მუშაობა. აქ დედას დიდი როლი აქვს. ზუსტად ის, რომ არ ჩარეულა მის გადაწყვეტილებაში და შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით სხვადასხვა სფეროში დაენახა.

მისი თქმით, განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც შენივე გამომუშავებულ თანხას სათანადოდ ხარჯავ. თავდაჯერებულობა გემატება და მეტად ბრძოლისუნარიანი ხდები.

პარალელურად სწავლობდა. შემდეგ, ამერიკაში წასვლაზეც ოცნებობდა და ამისთვის ბევრს შრომობდა. თუმცა, არ გამოვიდა. დიდი იმედგაცრუების შემდეგ, მან საკუთარი თავი იპოვა.

მის ცხოვრებაში სწორედ, რომ დღევანდელ დღემდე განვლილი გზა არის მნიშვნელოვანი. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ის ბრძანება ახლაც სახლში აქვს, რადგან ეს მისთვის დიდი მოტივაცია აღმოჩნდა.

გარკვეული დროის შემდეგ, საჯარო სამსახურშიც მოსინჯა ძალები. თუმცა, ბოლოს საკუთარი კომპანია დააფუძნა და საკმაოდ წარმატებული ქოუჩიც გახდა.

კახიმ თითქოს თამამად, მაგრამ გულდაწყვეტით ისაუბრა მამაზე, რომელიც სულ ორჯერ ჰყავს ნანახი. ამბობს, რომ სულ მამის როლშია და სხვების გვერდში დგომით და დახმარებით ივსებს დანაკლისს, რომელიც მას ჰქონდა.

მისი მიზანია, საკუთარი გამოცდილება, სხვა ადამიანებს გაუზიაროს და დაამტკიცოს, რომ სირთულე შეგვიძლია წარმატების და განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები