დასვენება შემოდგომის სეზონზე დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. ბევრი მოგზაური მიიჩნევს, რომ შემოდგომა წლის ყველაზე გამორჩეული პერიოდია და ამა თუ იმ ტურისტულ დანიშნულებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. გარდა ამისა, ამბობენ იმასაც, რომ შემოდგომით დასვენება ჭკვიანი ადამიანების მოგონილია და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, კერძოდ: შემოდგომაზე საკურორტო სეზონი, ფაქტობრივად, დასრულებულია და სამოგზაუროდ წამსვლელთა პროცენტულობაც 90%-ით არის შემცირებული, შესაბამისად, ყველა საკურორტო ზონა ხალხისგან დაცლილი. ამასთან, შემცირებულია ფასები, ტემპერატურა კი იდეალურია და გადაადგილებაში ხელს არ გიშლის.
მოკლედ, მართალია ზაფხული დასრულდა, მაგრამ მოგზაურობა საქართველოში კვლავ გრძელდება და ამჯერად „ფორტუნა“ გთავაზობთ 9 ცნობილ ადგილს, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია და სწორედ ამ სეზონზე უნდა ნახოთ.
წყალტუბო
მიტოვებული სანატორიუმები, უფუნქციოდ დარჩენილი უნიკალური შენობები და ბუნება, რომელიც ერთი ნახვით აღგაფრთოვანებთ, მით უფრო შემოდგომაზე, როცა ყველაფერი ოქროსფერი ფოთლებით იმოსება – ეს ნამდვილად წყალტუბოა, მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს “უკვდავების წყარო”. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან.
გომბორის უღელტეხელი
კახეთისკენ გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზა ყველაზე მოკლეა. მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ციცაბო და მკვეთრი მოსახვევები, მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები ისაა, რასაც უღელტეხილი მოგზაურებს სთავაზობს. ეს ადგილი წელიწადის ოთხივე დროს განსაკუთრებულად ლამაზია, თუმცა ვიზიტორების უმრავლესობა უპირატესობას მაინც შემოდგომის გომბორს ანიჭებს.
მესტია
მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება – მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. ეს ყველაფერი კი ორმაგად მშვენიერია შემოდგომით, ფერადი ფოთლებით შემოსილი.
შაორი
რაჭა გამორჩეული მხარე საქართველოში, რომელიც, ალბათ, ყველას სიყვარულია. უნიკალური ბუნება, მდიდრული ისტორია და საოცარი ფერები -საინტერესო კულტურის ნიმუშების გარდა, ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით. ასე რომ, შემოდგომის რაჭა აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია. შაორი კი ის პირველი ლოკაციაა, რომელიც რაჭაში ამ სეზონზე უნდა მოინახულოთ. აქაა რეგიონის უდიდესი ტბა/წყალსაცავი.
მითები და რეალობა რაჭაზე: პატარა სოფელი, რომელიც შვეიცარიას ჰგავს და კიდევ 6 უნიკალური, აუცილებლად სანახავი ადგილი
ბატეთის ტბა
საქართველოში მრავალი ტბაა, მათ შორის კი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბა. თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე და გსურთ, მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს სურვილებს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, ტყის შუაგულში და მისასვლელად საკმაოდ მარტივიც რომ იყოს.
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა თბილისიდან სულ რაღაც 50-52 კილომეტრში მდებარეობს. მისი უნიკალურობა მხოლოდ მის სილამაზეში არაა, ვულკანური წარმოშობის ტბაში არცერთი მდინარე არ ჩაედინება ან გაედინება — ის მხოლოდ მიწისქვეშა მინერალებითა და წვიმის წყლებით მდიდრდება და შეძენილი თვისებების გამო, სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ. ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერაში დაღლილებმა კარვებს შეგიძლიათ მიაშუროთ, დილით კი, ბაზალეთის ტბაზე მზის ამოსვლის ცქერით დატკბეთ — ეს ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა იქნება, რომლის მომსწრეც ამ შემოდგომით შეიძლება გახდეთ.
გომისმთა
ღრუბლებში ჩაფლულ გომისმთაზე გატარებულ ერთ საღამოსაც კი თერაპიის ეფექტი აქვს. ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე ყოფნა, დასასვენებლად და გონების გასაწმენდად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ოზურგეთში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარეობს. ადგილი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით, წყაროებით, მის მიმდებარე ტერიტორიაზეა ჭინჭაოს ტბაც, რომელიც ზღვის დონიდან 2 500 მეტრზეა.
სიღნაღი
სიყვარულის ქალაქი ნახვად ნამდვილად ღირს, რამდენადაც ესაა მშვენიერი პატარა ქალაქი, ვიწრო ქუჩებითა და მყუდრო კაფეებით. ესაა ბრწყინვალე ადგილი სახლში გაკეთებული კახური ღვინის გასასინჯად. სიღნაღს არაჩვეულებრივი ხედები აქვს შემოდგომის ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
საბადურის ტყე
საბადურის ტყე თიანეთში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ განსაკუთრებულ ადგილებს შორის, რომელსაც ნებისმიერ სეზონზე სტუმრობენ ფოტოების გადასაღებად. თუმცა, შემოდგომა აქ განსაკუთრებულია. საბადურის ტყეს ხშირად ადარებენ ზღაპარს.
ცნობისთვის, საქართველო ამაყად იკავებს თავის ადგილს აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიაში. გასულ წლებში, NATIONAL GEOGRAPHIC-მა ჩვენი ქვეყანა შემოდგომის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა.