LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება მიხეილ მესხის სახელობის განახლებული სტადიონი, რომლის რეაბილიტაცია 32 მილიონი დაჯდა – „ყველაფერი, რაც იყო მოთხოვნილი, გაკეთებულია“

269
345287527_1237505666949931_8484753110403113771_n

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.

სტადიონი საქართველოში უეფას 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

ახლად რეაბილიტირებული სტადიონი პრემიერ-მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა და თბილისის მერმა მოინახულეს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კაპიტალური რეაბილიტაციის შედეგად, სტადიონზე თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები – გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების.

„სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის.

დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედსარეკლამო კედლები და სხვ.

სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 32.7 მილიონი ლარი“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

როგორც სტადიონის მონახულების შემდეგ, თბილისის მერმა აღნიშნა, საქართველო ევროპის ჩემპიონატს მომზადებული ხვდება:

„ქვეყანა მზად არის საქართველოში უეფას 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონი სრულად არის განახლებული და რეაბილიტირებული უეფას სტანდარტებით.

ყველაფერი, რაც იყო მოთხოვნილი, გაკეთებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, ევროპას, ვაჩვენოთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა, ჩვენი კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი დედაქალაქი და რეგიონები. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

„სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია.

გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში. აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები -1 სტადიონი წყალტუბოში, 1 – ქობულეთში და 2 – ბათუმში.

აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს.

თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, ასევე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები