LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოგალერეა: დაათვალიერეთ ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის სახლი თბილისში, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება

46702
fxakadze2012

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც გაეროში მომუშავე ექსპერტის სახლის ფოტოებს დაათვალიერებთ. ფოტოები ჟურნალმა „ინტერიერმა“ ორი წლის წინ გადაიღო.

როგორც ჟურნალ „ინტერიერთან“ საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა:

„ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.

შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები