ქორწინება სასიამოვნო მოვლენაა, თუმცა განქორწინება უფრო მოთხოვნადი. საქართველოში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს განქორწინებულთა რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა, ქორწინების კი 5.6%-ით შემცირდა.
დაქორწინებისთვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. საადვოკატო ბიურო „OK & CG“-ს მიხედვით, “ფორტუნა” გთავაზობთ მიზეზებს, რის გამო შეიძლება ვერ დაქორწინდეთ ან განქორწინდეთ.
დაქორწინება არ დაიშვება:
1. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
2. პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; (საკმაოდ რთულია ამის დადგენა, ამიტომ პრაქტიკულად მკვდარი მუხლია)
3. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
4. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
5. იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია (შმმ პირი რომელსაც სასამართლოს ძალით ჰყავს დანიშნული მხარდამჭერი კონკრეტულ საქმიანობაზე).
თუმცა, შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იყოს გათვალისწინებული, ქორწინებისას მხარდამჭერის თანხმობის აუცილებლობა.
განქორწინება არ შეიძლება:
- ცოლის ორსულობის დროს
- ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, პროცესის განმავლობაში სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება განხორციელდება თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
ყველაფერი მარტივია, როცა ორივე თანახმაა
ბევრს ჰგონია, რომ განქორწინებისთვის აუცილებელია სასამართლოს ჩარევა და ხანგრძლივი და რთული პროცედურების გავლა. როდესაც წყვილი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია მათი განქორწინება, მათ ამისთვის ორი გზა აქვთ – განქორწინება სასამართლოს გზით და განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
საადვოკატო ბიურო „OK & CG“-ს ცნობით, სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეები ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ რაიმე სახის საკითხს – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ. იმ შემთხვევაში კი, თუ მეუღლეები თანხმდებიან განქორწინებასა და მის პირობებზე, განქორწინების ცნობის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე მარტივი პროცედურაა გასავლელი: მეუღლეებმა ერთობლივი განცხადება უნდა შეიტანონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. განცხადებაში მეუღლეები ადასტურებენ, რომ თანახმანი არიან განქორწინებაზე და ერთმანეთს შორის დავა არ აქვთ. გადაიხადონ მომსახურების საფასური (45 ლარი) დაგანცხადების შეტანის დღიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მოხდება განქორწინება. განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში (ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე, ბავშვის დაბადება და ა.შ.) განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე.
განქორწინება შეიძლება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებითაც მოხდეს, იმ პირთან რომელიც: ა) კანონით დადგენილი წესით, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ცნობილია ქმედუუნაროდ; გ) სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულია დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, არანაკლებ სამი წლის ვადით. ასეთ შემთხვევაში, მეუღლე ვალდებულია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარუდგინოს სათანადოდ დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტაცია.
უცნაური განქორწინებები
- ტაივანის სასამართლომ ქალს განქორწინება მისცა, რადგან ქალმა უარი განაცხადა მისი ქმრის კატასთან ერთად ძილზე.
- ერთ თურქ ქალს მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც არ უყვარდა. ერთად 15 წელი იცხოვრეს. ქალი ძალიან წუხდებოდა მამაკაცის ჩვევებით, განსაკუთრებით დღეში 3-ჯერ შხაპის მიღებით და ერთხელაც მასთან განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ფულის დაკარგვა არ უნდოდა. კევსერ ბაბატცუმ ასეთი რამ მოიგონა: როდესაც მეუღლემ ტანზე გაიხადა და საბანაოდ შევიდა, სააბაზანო ოთახში მან ის ჩაკეტა. ორხან ბაბუტცუმ იქ არც მეტი, არც ნაკლები 3 წელი გაატარა. საჭმელს ძაღლის თეფშზე უყრიდა, სახლში საყვარლები მოჰყავდა და მოუთმენლად ელოდა, როდის მოკვდებოდა მისი მეუღლე და მთელი ქონება მას დარჩებოდა, მაგრამ ვერ ეღირსა. გაიგეს მეზობლებმა და ამის შესახებ ორხანას დედას შეატყობინეს, მან კი – პოლიციას. როდესაც ქალი დააკავეს, მან თავისი საქციელი შემდეგნაირად ახსნა: “მე მეგონა, რომ ის საშიში გიჟია! აბა ნორმალური ადამიანი დღეში 3-ჯერ შხაპს მიიღებს?”
- შვედეთში ცოლის განქორწინების მუქარისგან ძალიან გაბრაზებულმა ქმარმა თავიანთი საერთო ქონება გაყიდა, აღებული ფული კი, მთლიანად დაწვა – დაახლოებით 81, 3 ათასი დოლარი. სასამართლომ კაცი გაამართლა, ცოლი კი მაინც გაექცა.
- ორმა ჩინელმა რამდენიმე წლის განმავლობაში ერთმანეთიც და მოსამართლეც დატანჯეს, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა. მათ ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს, ვის უნდა დარჩენოდა მოტოციკლი, კომპიუტერი, ვიდეო კამერა და სახლი. მოსამართლე ძალიან დაიღალა ამ ყველაფრისგან და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო – ქონება უნდა გაეტანათ აუქციონზე და მონაწილეობა უკვე ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა მიეღოთ. ვინც მეტ თანხას შესთავაზებდა, ნივთიც მისი იყო – ხოლო მეორეს თანხა ეძლეოდა.