საქართველოს ცემენტის ასოციაციამ (GCA), საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის პირველი ფარული ტესტირება დაასრულა.
ასოციაციის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, GCA-ს დაკვეთით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შვილობილმა კომპანია „საქექსპერტიზამ“ სხვადასხვა ადგილობრივი მწარმოებლის 25 ცემენტის ტომარა ფარულად შეისყიდა. თითო ცემენტის ტომრიდან აღებულ იქნა 5 ნიმუში. თითოეული სინჯი დაილუქა, მიენიჭა შესაბამისი კოდი და ნუმერაცია, რათა შემმოწმებელ ლაბორატორიებს ვერ ამოეცნოთ მწარმოებელი კომპანიები.
25 სატესტო სინჯის ერთი კომპლექტი გადაეგზავნა შესამოწმებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიას, ხოლო ანალოგიურად დალუქული და კოდირებული კომპლექტები პარალელურად გაეგზავნა საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრი კომპანიების აკრედიტებულ ლაბორატორიებს.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდა ტესტირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში. აკრედიტებული ლაბორატორიის ტესტირების შედეგად, 25 სატესტო სინჯიდან, მხოლოდ 8 ნიმუშმა (მათ შორის, GCA-ს წევრთა 6-მა პროდუქციამ და 2-მა დანარჩენმა) გადალახა ზღვარი, რომელთა ხარისხი ევროპული EN სტანდარტის შესაბამისი აღმოჩნდა. 14 ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტმა ვერ გადალახა ბარიერი, მათ შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 18.35 მპა, ტესტირება ასევე ვერ გაიარა ე.წ. იმპორტულმა პროდუქციამ, სომხური და ირანული შეფუთვით.