LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გააკეთე სიკეთე ადამიანებისთვის და ის უფრო მეტად უკან დაგიბრუნდება…ეძებე მეგობრები!“ – გია მურღულია

111
2024-09-23_00-31-17_735318

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს.

„რუსთველის ეს სიტყვები (ასმათი ეუბნება ტარიელზე ნაწყენ ავთანდილს) ყველას გვახსოვს:

„ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
ამ დილას ჯალალ ედ-დინ რუმის “არსთა მესნევის” ვკითხულობდი (სულაკაურის გამომცემლობა, წიგნი მესამე, გვ.95; სპარსულიდან თარგმნა, შესავალი და განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ) და იქაც წერია:

„ის, რაც მეგობარს განგაშორებს, ენამზიანი,
არც მოისმინო! ზიანია, შენთვის ზიანი!”

არსებობს ამქვეყნად ჭეშმარიტებანი, რომლებიც, ერთი შეხედვით – ტრივიალურნი და ჩვეულებრივნი, ბრძენ ბაგეთაგან მეტ მნიშვნელობას იძენენ.
გამოხატვის სინატიფე და სისრულე გამოსახატზე არანაკლებ საგულისხმოა, რადგან კარგად ნათქვამი აზრსაც უკეთესად წარმოაჩენს და თავსაც მეტად გამახსოვრებს.
მთელი ჩვენი ცხოვრება ღმერთთან, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა.
ეს ბოლო (ცხადია, პირველ ორთან ერთად) უკიდურესად მნიშვნელოვანია – თუ შენ მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში ხარ, დასახულ ცხოვრებისეულ მიზნებს შედარებით ადვილად მიაღწევ; თუ გარემო ნეიტრალურია, საქმე უფრო რთულდება, მტრულ გარემოში კი წარმატების ალბათობა ძალიან მცირეა.

გააკეთე სიკეთე ადამიანებისთვის და ის უფრო მეტად უკან დაგიბრუნდება.
ეძებე მეგობრები!
აბრაამ ლინკოლნის სიტყვებიც არ დაგავიწყდეს:
„განა მე არ ვსპობ ჩემს მტრებს, როდესაც მათ ჩემს მეგობრებად ვაქცევ?!”
დამეგობრება ადამიანური ხელოვნებაა.
არცერთ სიმღერაზე, ნახატზე ან ლექსზე ნაკლები არ არის ის, როდესაც კეთილგანწყობას ქმნი.
რა იცი – იქნებ დღევანდელი დღეც ამისთვის გათენდა“, – წერს გია მურღულია.

„განა ყოველი დღე ხელახალი დაბადების არ არის?.. თამამად მიესალმე ახალ დღეს – ის ტყუილად და უაზროდ არავისთვის თენდება“ – გია მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები