დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მისაღებად საქართველომ თანხა COVAX-ის პლატფორმაზე უკვე გადარიცხა. მისივე განცხადებით, COVAX-ის პლატფორმასთან მოლაპარაკებები “ნოვავაქსის” ახალ ვაქცინაზეც მიმდინარეობს, რომელიც 2 თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
“COVAX-ის პლატფორმაზე, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადარიცხა 575 000$. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესყიდვებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით აწარმოებს და დარწმუნებული იყავით, რომ COVAX-ის პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, COVAX-ის პლატფორმიდან შემოსული ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყება. ფული გადარიცხულია.
გუშინ COVAX პლატფორმიდან ასევე მივიღეთ შემოთავაზება მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინის, ამერიკული ნოვავაქსის შესყიდვის შესახებ. ნოვავაქსი COVAX პლატფორმაზე დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება. ეს არის ახალი, ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ, გარდა კოვაქს პლატფორმისა, ნოვავაქსთან და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების შესახებ,” – თქვა გამყრელიძემ.