LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.. დაახლოებით, 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს, განსაკუთრებით საყურადღებოა 3 მათგანი, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი“ – ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

225
ing (6)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 3, მათ შორის კი არის ე.წ. ღორის გრიპი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

„ამჟამად ნამდვილად მომატებულია რაოდენობა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს კატასტროფაა, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამ სეზონისთვის სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები უნდა იყოს “ – მარინა ენდელაძე  

„როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს, დაახლოებით,10-15 სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება სამს აქვს.

პირველი – ეს არის გრიპის ვირუსი. ამ ეტაპზე ფიქსირდება “ა” ტიპის ვირუსი, საიდანაც წინა ხაზზე გამოდის H1 და H3. მოგეხსენებათ, H1 მოსახლეობაში ცნობილია, როგორც “ღორის გრიპის” ვირუსით, რომელმაც 2008-2009 წლების პანდემია გამოიწვია. აღარ არის ეს პანდემიური შტამი, ის დასუსტებულია.

მეორე – საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რასაც თვალს ვადევნებ მასმედიით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა. ალბათ, ძირითადად ეს უნდა იყოს გრიპით და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ძირითადად ბავშვებს და ხანდაზმულებს „ერჩის“, გარკვეული გართულებები აქვს განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში.

დღეს, ყოველკვირეული მონიტორინგის საერთო ცირკულაციაში რაც ვნახე, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.

მესამე – კორონავირუსი, რომელიც ჯერ კიდევ იქცევს ყურადღებას თავისი ვირულენტობით მაინც ძლიერია, ვიდრე გრიპის ვირუსი.

რომ გითხრათ, რომ წელს რაიმე უჩვეულო ხდება, ასე არ არის. გასულ წელს და წინა წლებში მონიტორინგის დროს, თუ კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, მაგრამ არც თუ ისე ძალიან“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციებით, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი რესპირაციული ვირუსებისგან და რა შემთხვევაში მიმართონ ექიმს:

„რესპირაციული ვირუსების აქტივაციის სეზონია, რადგან ზამთარია და ასე იქნება დაახლოებით აპრილის ბოლომდე სხვადასხვა ინტენსივობით. წამყვანი იქნება სამი რესპირაციული ვირუსი – გრიპი, RSV [რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი], კორონავირუსი. სხვადასხვა ეტაპზე მათი ხვედრითი წილი ცირკულაციაში სხვადასხვა იქნება. ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, ხან მესამე.

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მთავარია ყურადღების მიქცევა, ბავშვებზე, ახალშობილებსა და ხანდაზმულებზე, ყველაზე მეტად მათ ერჩით [ვირუსი], რადგან მათი იმუნური სისტემა ძლიერი არაა. ამ სამი ვირუსიდან მხოლოდ ერთის საწინააღმდეგო აცრა გვაქვს. ეს არის გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია და საკმაოდ კარგია.

უკვე დაინერგა ეს კულტურა, ყველა რისკჯგუფი იცრება. მოქალაქეებმა, სასურველია, მიმართონ ამცრელ კაბინეტებს და აქტიურად აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, არ არის კორონავირუსის, „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ, რეკომენდაცია რჩება საერთო – ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებები – ეს არის დახურული შენობების ხშირი განიავება, ხელების ხშირი დაბანა.

თუ ბავშვს ან მოხუცს ტემპერატურის მატება აქვს და ეს ტემპერატურა 2 დღეზე მეტია 38-39 გრადუსის ფარგლებში, აუცილებელია კონტაქტი ოჯახის ექიმთან და დაავადების მართვა მისი რეკომენდაციების მიხედვით.

ეს დაავადებები ძირითადად იმართება ამბულატორიულ დონეზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და სწორედ ექიმი წყვეტს, როდის უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. ამავე დროს, რეკომენდაციაა, რომ ამ დროს სამედიცინო დაწესებულებებში ყველამ გამოიყენოს ნიღაბი – თანამშრომელმა თუ მიმსვლელმა.

ასევე, ვიტყოდი, რომ ამ სეზონზე დიდი თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ ადამიანებმა გამოიყენონ ნიღაბი, რადგან, კორონავირუსის პანდემია დასრულებულადაა გამოცხადებული, მაგრამ კორონავირუსს ჯერჯერობით ვერ მოვსპობთ, ის ცირკულირებს და ისევ გარკვეული ტვირთი აქვს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“

„ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია – პიკი იანვრის ბოლოსკენ იქნება, ამიტომ ვინც აცრილი არ არის, მოვუწოდებდი ყველამ გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს“ – მაია ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები