“გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი” – ამ სახელწოდებით ვაშლიჯვრის მოსახლეობა 28 მარტს აქციას აანონსებს.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან ნანტის პარკში 14:00 საათზე გაიმართება, სადაც მოსახლეობა საკუთარ პრობლემებსა და მოთხოვნებს გააჟღერებს.
“კვირას, 28 მარტს ვიკრიბებით ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან ნანტის პარკში (ახალ სკვერში), ჯვართამაღლების ეკლესიასთან, რათა კიდევ ერთხელ, ერთად და ხმამაღლა გავაჟღეროთ მოსახლეობის მოთხოვნები და თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მოვუწოდოთ მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ. ჩვენი მოთხოვნებია:
გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიცია: მოაწერეთ ხელი https://manifest.ge/main/item/3222
სკვერის ზუსტი მისამართი იხილეთ რუკაზე (ჯვართამაღლების ეკლესიასთან)”.- ნათქვამია გავრცლეებულ განცხადებაში.