“მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელების მხრიდან სწორი კურსიდან გადახვევის გამო, იმის გამო, რომ დღეს უკვე ისინი იმ გზას დაადგნენ, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდით სწორედ, გადავწყვიტე, დავტოვო პარტია “ქართული ოცნება” და ბატონ გიორგი გახარიას გუნდს შევუერთდე”, – ჩოხატაურის მერიის არქიტექტურის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოგი ბოლქვაძე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, პარტია “საქართველოსთვის”, წარმოადგენს გუნდს, რომელსაც აქვს სწორი იდეოლოგია და მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა და არის ძალა, რომელიც დღეს ასე ჭირდება ქვეყანას და ხალხს.
გოგი ბოლქვაძის ფეისბუქსტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
ვარ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, რომლის დაფუძნების მიზანი იყო საქართველოს და ქართველი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმდროინდელი კრიზისული სიტუაციების გამოსწორება ქვეყანაში, რომლის შენებასაც შევუდექით თითოეული ჩვენგანი.
თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკური მიმართულებიდან, რაც პირველ რიგში ადამიანებზე ზრუნვას ეფუძნებოდა, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელების მხრიდან სწორი კურსიდან გადახვევის გამო, იმის გამო, რომ დღეს უკვე ისინი იმ გზას დაადგნენ, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდით სწორედ, გადავწყვიტე, დავტოვო პარტია “ქართული ოცნება” და შევუერთდე ბატონ გიორგი გახარიას გუნდს.
ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს სწორი იდეოლოგია და ჩვენი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთების პროცესში ახალგაზრდების წინ წამოწევას ითვალისწინებს.ეს არის სწორედ ის ძალა, რომელიც დღეს ასე ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ამიტომაც მაქვს სურვილი პროფესიონალების ძლიერ გუნდთან ერთად ვიშრომოთ ძლიერი საქართველოსთვის.
მადლობა ყველა იმ გამოცდილ და თავიანთი პროფესიონალიზმით გამორჩეულ პიროვნებებს და კოლეგებს წლების მანძილზე ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, თითოეული მათგანის შრომის ნაყოფია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებები.
მე, როგორც ჩოხატაურელი, ყოველთვის ვარ და ვიქნები ჩემი მუნიციპალიტეტისა და ხალხის სამსახურში.” – წერს ბოლქვაძე.