2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 115 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა.
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.