1 აპრილიდან თელავს და თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს გაზის საფასური 11 თეთრით გაუძვირდებათ. ტარიფის გაძვირება იმ აბონენტებს შეეხებათ, რომელებიც გაზგამანაწილებელ ქსელს 2008 წლის პირველი აგვისტოდან მიურთდნენ. ასეთი აბონენტების რიცხვი კი რაიონში 7 ათასს აღწევს.
ფიზიკური პირებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ბაზარს სემეკ-ი 2008 წლიდან აღარ არეგულირებს. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით, დერეგულირებულად გამოცხადდნენ ის აბონენტები, რომლებიც ქსელს 2008 წლის 1 აგვისტოდან მიუერთდებოდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზის გამანაწილებელ კომპანიას უფლებამოსილება ენიჭება, შეხედულებისამებრ შეცვალოს ტარიფი.
თელავს გაზით „ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია” ამარაგებს. როგორც კომპანიაში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი გაზის ყიდვა ვეღარ მოეხერხებინა.
ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დანარჩენ საქართველოში აღნიშნული ტარიფი მოქმედებს და ”ეს საკითხი მხოლოდ თელავში იყო მოსაგვარებელი”.
”იმოქმედა დოლარის კურსის ცვლილებამაც. კომპანიამ ზაფხულის მერე იზარალა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ტარიფის გაზრდა, რადგან მერე შეიძლებოდა გაზი საერთოდ ვერ გვეყიდა”- განუცხადეს knews.ge-ს ”ვისოლის გაზის დისტრიბუციის კომპანიაში”.
ენერგეტიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ გაზრდილი ტარიფი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება, თუმცა, სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ განიხილავენ.
როგორც ”ფორტუნას” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილმა განუცხადა, სუბსიდია ისედაც საკმაოდ მძიმედ აწევს ბიუჯეტს და გაზის სექტორი ისედაც სუბსიდირებულია – ანუ მოსახლეობას გაზი საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად მიეწოდება.
”ამ შემთხვევაში, სექტორი დერეგულირებულია, ტარიფი არ დგინდება, შესაბამისად, ის ასახავს იმ საბაზრო სიტუაციას და რელობას, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს. სუბსიდიას რაც შეეხება. ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ დღესდღეობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყველა კომერციული ობიექტი არ არის ვალდებული თვითონ გააკეთოს სუბსიდირება. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით, თუ რა ცვლილებები მოხდება სატარიფო პოლიტიკაში ნებისმიერი ლიცენზიანტის მოქმედების არეალში და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განუცხადა ”ფორტუნას” ვალიშვილმა.
დერეგულირებული აბონენტებისათვის ტარიფის მატებას, ჯერჯერობით, სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიები არ გეგმავენ. როგორც ”ფორტუნას” ”ყაზტრანსგაზ თბილისსა” და ”სოკარ გაზში” განუცხადეს, ჯერჯერობით, ცვლილებები არ იგეგმება.
რაც შეეხება თელავის რაიონს, „ვისოლ გაზის დისტრიბუცია“ მას ბუნებრივ გაზს 2008 წლიდან აწვდის. კომპანიამ თელავის რაიონში 17 სოფლის გაზიფიცირება მოახდინა და 12000-მდე აბონენტი ჰყავს.