“ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში არსებითი მხარდაჭერის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონის ლიდერად, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის მედროშედ”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ განხორციელების განხილვისას მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში გაერო-ს მხარდაჭერამ და ჩართულობამ უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის წარმატებაში.
„2018 წელს ჩვენი ერთობლივი მიღწევები და წარმატებული პროექტები ცხადყოფს პროგრესის სტაბილურ დინამიკას, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ თქვენს ყოველდღიურ ძალისხმევას. საქართველო დღესაც ერთგულია გაერო-სა და მისი საქმიანობისადმი. გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა. ეს სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებების და ღირებულებების პრიორიტეტებთან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
