LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

183
კოალიცია ცვლილებებისთვის

გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს ოფიციალურად შეუერთდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, „ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი და მზაობა და სწორედ ამ მიზანს ისახავს დღევანდელი ერთიანობა“.

კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებისგან.

„ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებით, კოალიცია, რომელიც ფასეულობების ერთგულებითა და ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანებისგან. ეს არის კოალიცია, რომელიც ცვლილებებს მოიტანს და ქვეყნის მსახური იქნება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.

„მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტია”-ის სახელით ვდგავარ აქ, ისეთ ადამიანებთან ერთად რომლის ბრძოლაც მთელ საქართველოს ნანახი აქვს და მე მათი მჯერა. ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ 26 ოქტომბრის შემდეგ? პროფესიონალიზმითა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკით, რომელსაც მოიტანს პროგრესი და კოალიცია 4 ნომრით.

ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანებზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს შევცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. „რესპუბლიკური პარტია“ დაფუძნების დღიდან თავის მთავარ დოკუმენტში ამბობდა, რომ მრავალპარტიულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. გავიდა წლები და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა იმართოს მრავალპარტიულად, კოალიციურად, დიალოგსა და კონსენსუსზე დაფუძნებით. მე ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთან ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკუსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ორიენტირი“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

magti 5g