გაგრაში რუსი ტურისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს.
ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ავტობუსის მძღოლმა დაწერა. ინციდენტის დროს კი ავტობუსში ოკუპირებული აფხაზეთის სტუმრები – ტურისტები სოჭიდან იმყოფებოდნენ.
ავტობუსში 52 ადამიანი იყო, მათ შორის ბავშვებიც. ინციდენტი მოხდა რესტორან „გაგრიპშის“ მახლობლად, როდესაც ექსკურსიის შემდეგ ავტობუსი უკან, სოჭში ბრუნდებოდა.
„უცნობა პირებმა ბუჩქებიდან ავტობუსს ქვები დაუშინეს. ერთმა მოზრდილმა ქვამ საქარე მინა ჩაამსხვრია და ტურისტებს ზიანი მიაყენა, მათ შორის 5 წლის ბავშვს“, – დაწერა მძღოლმა.
ინციდენტის შემდეგ მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და ე.წ. მილიციას დაუძახა.
თუმცა ტურისტების „თავგადასავალი“ ამით არ დასრულებულა. როდესაც შემთხვევის ადგილიდან გავიდნენ, ავტობუსს ქვები კვლავ ესროლეს.
ტურისტებს სხვა ავტობუსში გადასხდომა დასჭირდათ და ისინი საკუთარი ქვეყნის საზღვრამდე ე.წ. ავტოინსპექციის თანამშრომლების თანხლებით მივიდნენ.
ამ ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრმა რუსულმა ინტერნეტგამოცემამ დაწერა.