საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის თემა შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც ჩვენ და აფხაზებს გაგვაერთიანებს. მისივე განმარტებით, სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
„გაგრის რაიონის სოფელ აიბღას დაწყებული ანექსიის საგანგაშო ფაქტს, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა ამაზე საუბარი, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე, მათ შორის ჟენევის ფორმატშიც არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული ამის თაობაზე და ახლა აქტიურად განვიხილავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უკვე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან, ეს შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს, რომელიც არის თქმა უნდა, განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.