თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის (Georgia-Korea Information Access Center) ორგანიზებით, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის ბაზაზე მდებარე ცენტრში ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი და კორეული კულტურის გაცნობითი უფასო კურსები გაიხსნა.
კურსების გახსნასა და პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონ დუ კიმი, საელჩოს პირველი მდივანი სანგ ჯუნ განგი და ჯეჯუს საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოთვლითი ინჟინერიის დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი იუნგ ჩოლ ბიუნი.
სტუმრებს მასპინძლობდნენ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე, დირექტორის მოადგილე ირინე ჭიჭინაძე, საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის უფროსი მენეჯერი ლენა ასკურავა და ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი ბუბა მურღულია.
კორეელი სტუმრების ვიზიტი მიზნად ისახავდა ცენტრის მუშაობისა და სამომავლო გეგმების გაცნობას, რაც ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობასა და საქართველო-კორეის კულტურული და ტექნოლოგიური ურთიერთობების გაღრმავების სურვილს.
ამჟამად საქართველო–კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში მიმდინარეობს ციფრული პროგრამირების შემსწავლელი კურსი, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამირების საფუძვლების გაცნობას, ციფრულ პროგრამებზე მუშაობის უნარების გამომუშავებასა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას. კურსს აქვს დამატებითი კულტურული მიმართულება, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული კორეული კულტურის გაცნობას ითვალისწინებს.
პროექტი ხორციელდება World Friends Korea – IT მოხალისეების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სტუდენტებს სამხრეთ კორეიდან. პროგრამას ახორციელებს კორეის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტო (National Information Society Agency – NIA), ხოლო მხარდამჭერია კორეის მეცნიერების, ICT და მომავლის დაგეგმვის სამინისტრო (Ministry of Science, ICT & Future Planning).