“მიუხედავად ჩემი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ გახარიას მიმართ, პატივს ვცემ ნაბიჯს, რადგან ამ ნაბიჯით, გააჩინა შანსი, რომ ოცნება მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს კონფრონტაციული ნაბიჯებისგან, რომელმაც კრიზისში შეიყვანა როგორც “ოცნება”, ასევე ქვეყანაც.
“ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას არ აქვს მომავალი, შერჩევით სამართალს არ აქვს მომავალი, დაპირისპირებას, ზიზღსა და აგრესიას, რომელსაც “ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს გამოიწვიოს, – არ აქვს მომავალი.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრის გაგრძელებაც კი, ასევე ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრის გაგრძელებაც კი, ახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, იქნება ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯი:
“მინდა ვუთხრა “ქართული ოცნების” იმ გუნდს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება – თქვენმა პოლიტიკამ და უგუნურებამ, თქვენმა სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე, ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, ყველას, დღეს, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდებლობა, მოიძებნოს გამოსავალი იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს და დააკომპლეექტებს და მანდატს მიცემს პრემიერს და მთავრობას, არის წინასწარ განწირული და ეს იქნება ნაბიჯი სამომავალო დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ.” – განაცხადა ბაქრაძემ.
მან ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის დემოკრატიული და სამართლიანი საქართველოსთვის, დღევანდელი დღე მიულოცა და თქვა, რომ ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრისა და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება:
მთავარი გახლავთ ის, როგორ შევძლოთ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და წესრიგი. საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ და განვითარების გზას, ამისთვის არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის შემქნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა – დავუბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას, დავუბრუდენთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში სიმშვიდის და ნორმალური მომავლისთვის.” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, ამის პარალელურად შსს-მ გაავრცელა მიმართვა, რომ აღნიშნული პროცესების გამო ნიკა მელიას დაკავების საკითხი გადაიდო.
ოპოზიცია აქტიურად საუბრობს მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობასა და ვადამდელი არჩევენბის ჩაგტარებაზე.
