LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიას ელექტორატი ძირითადად „ოცნებისკენ“ გადაიხრება, ანა დოლიძის შეიძლება შუაზე გაიყოს“ – ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს

418
BeFunky-collage (2)

პოლიტიკური ბრძოლა აქციებითა და კვლევებით – არჩევნების დასკვნითი ტურის წინ რა კრიტერიუმით აირჩევს საზოგადოება მერებს და ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრების დანიშნულება ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა იყო, თუმცა ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის აქცია ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია.

„დავიწყოთ იმით, რომ ვინ რას დაარქმევს ამ აქციებს, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების ორგანიზებული აქცია, არსებობს გარკვეული გამოცდილება და ფაქტები, როდესაც არამარტო „ქართული ოცნება“, არამედ სხვა ხელისუფლებას, იგივე ნაციონალურ მოძრაობა 2012 წელს, 2003-ში მოქალაქეთა კავშირი, ცდილობდნენ ასეთი ორგანიზება გაეკეთებინათ აქციის.

არ ვიცი, ამ აქციას კონტრაქცია, შეიძლება ვუწოდოთ ან არა, მაგრამ მისი დანიშნულება მაინც არის ის, რომ ამომრჩეველზე მოახდინოს გავლენა და აჩვენოს თავისი ძალა, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს ხელისუფლება, იქ სხვაგვარი ვითარებაა.

ამომრჩეველში ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს, რომ ხელისუფლებამ მოახდინა არა მარტო ორგანიზება ამ აქციის, არამედ გარკვეული აქციის გარკვეული ნაწილი, საკმაოდ დიდი ანგარიშს უწევს იმას, რომ ეს ხელისუფლების აქციაა და ყოველგვარი გართულებების თავიდან ასაცილებლად მიდის აქციაზე“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტი ზუგდიდში ჩატარებულ აქციასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ვერც ეს კონტრაქცია მოუტანს ოპოზიციას დამატებით ხმებს. ვახტანგ ძაბირაძე აქვე აღნიშნავს, რომ სჯობდა „ქართულ ოცნებას“ შემაჯამებელი შეკრება სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც ჩაეტარებინა.

„2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, მთელი დინამოს სტადიონი იყო სავსე, მაგრამ შედეგი იყო სხვაგვარი. თუ შემაჯამებელი აქცია იყო სჯობდა 5 თვითმმართველ ქალაქშიც ჩაეტარებინათ აქციები „ოცნების“ წარმომადგენლებს, ეს სხვაგვარ ეფექტს მისცემდა.

არამგონია ამ აქციამ დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაზე და მის განწყობაზე, მითუმეტეს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება ცხრა წელია, რაც გრძელდება და ყოველთვის ამომრჩეველი ფაქტობრივად, წინასწარ არის ხოლმე ჩამოყალიბებული.

ამ შემთხვევაში ნეიტრალური ამომრჩევლის გადაბირება და გადაქაჩვა ერთი შეხედულებიდან მეორეში საკმაოდ რთულია. რაც შეეხება ზუგდიდში ჩატარებულ აქციას, რა თქმა უნდა, აქაც კონტრაქცია იყო, მშვენივრად იცოდნენ, რომ აქცია ტარდებოდა თბილისში და ორგანიზება გაუკეთეს აქციას, სადაც არ იყო მარტო ზუგდიდი, მთელი სამეგრელოს რეგიონი იყო წარმოდგენილი. არც ეს აქცია მოუტანს მათ დამატებით მნიშვნელოვან ხმებს ენმ-ს, რადგან აქაც ზუსტად იგივე ვითარებაა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ვის ელექტორატზეც შეიძლება მიდიოდეს თამაში, ჩემი აზრით, გახარიას ელექტორატი ძირითადად გადაიხრება „ქართული ოცნებისკენ“, ანა დოლიძის ელექტორატი შეიძლება გაიყოს შუაზე, რაც შეეხება „ლელოს“ ელექტორატს, ის გადაიხრება „ნაციონალური მოძრაობისკენ“.

სხვა ელექტორალური ბაზა, რასაც ოპოზიციური გაერთიანება ჰქვია, არამგონია რომ მნიშვნელოვნად გადაიხაროს ოპოზიციისკენ, რადგან ის გაერთიანება, თუ „ლელოს“ გამოვრიცხავთ, ეს არის გაერთიანებული ენმ. დაიშალნენ და ახლა ისევ შეიკრიბნენ, სხვადასხვა სახელებით, პარტიებით, მაგრამ იგივე ფიგურებით“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

პოპულალურები