წალკაში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ.
“წალკაში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს… მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს”
ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუქ მომხმარებელმა დავით კიზირიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში. ის წერდა, რომ ოჯახი წალკის რაიონში რამდენიმე წელია ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს.
მომხდარის დამატებით დეტალებზე საუბრობს წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის ადმინისტრაციულ თემში. ზვიად ხაფავა ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ახალ ზელანდიელი ბიზნესმენის ოჯახი ორმა პირმა დააყაჩაღა.
“უცხოელები არიან ქმარი ახალ ზელანდიელი ბიზნესმენია – ჯონ ედვან ფადნი. ცოლი ჩინეთის მოქალაქე. შვიდის ნახევრისკენ ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი. ბიზნესმენს წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბექი და 11 000 ლარი. ფიზიკურად არავინ დაშავებულა”, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა.