გაკოტრებული „ქართული ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან იწერს „პოსტულატებს“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და მისი წარდგენა შეაფასა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს რაც არ უნდა დაჰპირდეს „ქართული ოცნება“, მაინც აღარავის სჯერა, რადგან მათ 12 წლის განმავლობაში ქვეყანაში „ეკონომიკური გენოციდი“ მოაწყვეს.
„200 000 სამუშაო ადგილის შექმნა პირდაპირ მოპარულია ჩვენი საარჩევნო პროგრამიდან. მე ძალიან გამიხარდება საქართველოში ნებისმიერი მთავრობის წარმატება ამ მხრივ და 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაც და ხელფასის გაზრდაც, მაგრამ რეალობა ის არის, რომ აბსოლუტურად გაკოტრებული „ქართული ოცნება“ სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან იწერს რაღაც პოსტულატებს. სტუდენტობის დროს, კარგი სტუდენტები სხვებისგან არ იწერენ. კობახიძე გვიმტკიცებს, რომ მათ ეკონომიკურ გუნდს უფრო მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე მთელ ოპოზიციას და ოპოზიციური პარტიების პროგრამებიდან რატომ იპარავენ ჩანაწერებს? თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ რაც არ უნდა თქვას ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 12 წელიწადია მართავს ამ ქვეყანას, განსაკუთრებით ეკონომიკასთან დაკავშირებით, არავითარი სანდოობა მათ საზოგადოებაში აღარ აქვთ. ეკონომიკა საკმარისად მესმის იმისათვის, რომ გითხრათ, ძალიან მარტივია მანიპულაცია ციფრებით. მაგრამ ძალიან ძნელია ხალხის მოტყუება. ხალხი ეკონომიკას გრძნობს საკუთარ ტყავზე და საკუთარ ჯიბეზე.
არავინ არ დაუჯერებს მათ იმიტომ, რომ ასე ჰპირდებოდა მათ ბიძინა ივანიშვილი 100 ქარხნის აშენებას, ყველანაირი კომუნალური ხარჯების საგრძნობ შემცირებას. ბიძინა ივანიშვილი იმდენად გათავხედებული იყო, რომ ხალხს ჰპირდებოდა უფასო ფულს. ასევე, საზოგადოებას ახსოვს 2012 წელს დარიგებული ანკეტები, კითხვარები – „ჩამოწერე შენი ოცნება“ და შემდეგ ყველამ ნახა სადაა ეს დაპირებები, ბიძინა ივანიშვილის მიერ 12 წლის განმავლობაში გაცემული არცერთ დაპირება არ შესრულებულა. უკვე დიდი ხანია, ამ დაპირებების არავის არ სჯერა. ეკონომიკური გენოციდი მოუწყო ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს და რაც უნდა ის დაჰპირდეს, მაინც არავის სჯერა მისი დაპირების“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.