ცენტრი “ემპათიის” სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გალინა კარმუშინამ, საქართველოში პროფესიული საქმიანობის გაგრძელებისთვის ლიცენზიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან, უარი მიიღო. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი “ფორტუნასთან” განმარტავს, მათ შესაბამისი მოთხოვნით განაცხადი რამდენიმე დღის წინ შეიტანეს, თუმცა მისივე თქმით, დღეს კარმუშინამ გაურკვეველი შინაარსის და არაადეკვატური პასუხის შემცველი დოკუმენტი მიიღო.
მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, რეგულირების სააგენტო შეგნებულად არ ხვდება “ემპათიის” ხელმძღვანელობას საკითხის გასარკვევად და მისივე გნამარტებით უწყება მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებს. რაც შეეხება უცხოელი ექსპერტის მოთხოვნის სამართლიანობას და დოკუმენტის მიღებას, რომელიც დევნილობაში მყოფ კარმუშინას პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლებას მისცემდა, ჯიშკარიანმა საკითხი დღეს სახალხო დამცველთან განიხილა.
“ჩვენ ვითხოვდით ქალბატონი გალინას პროფესიულ აღიარებას, ლიცენზიას რომ გაეგრძელებინა საქმიანობა საქართველოში. ამჟამად ის იმყოფება დევნილობაში. მას დაცული აქვს დისერტაცია საბჭოთა კავშირის დროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოდან მივიღეთ არაადეკვატური პასუხი, რომ გალინა უნდა წავიდეს მოსკოვში. სააგენტოსთან კონტაქტს ვერ ვახერხებთ, ვიდეოკავშირზეც უარზე არიან. კორონავირუსს იმიზეზებენ. საქართველოში ვინც მუშაობს და ვისაც დისერტაცია საბჭოთა კავშირის დროს დაიცვა, ყველას მოსკოვში აგზავნიან? გაუგებარი დოკუმენტი მივიღეთ. ქალბატონ გალინას საქართველოში საქმიანობისთვის სჭირდება ან დროებითი ან მუდმივი ლიცენზია. ჩვენ შევხვდით სახალხო დამცველს და ამ ეტაპზე გავდივართ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ვარკვევთ საკითხებს”, – აცხადებს “ფორტუნასთან” მარიამ ჯიშკარიანი.
მიხეილ რამიშვილი და მარიამ ჯიშკარიანი დევნასა და უკანონო თვალთვალზე საუბრობენ: “ამგვარი მეთოდებით მოქმედებს რუსული სპეცსამსახურები”
მისივე თქმით, გარდა ექსპერტის ლიცენზიის საკითხისა, მათ სახალხო დამცველთან ცენტრის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრეს. ჯიშკარიანის განმარტებით, სახალხო დამცველს მიეწოდა ინფორმაცია, რომელიც “ემპათიის” დისკრედიტაციისთვის ხორციელდება საბჭოთა მეთოდებით.
“გარდა ამისა, ჩვენი შეხვედრის თემა იყო ის დისკრიმინაცია, რაც ხორციელდება ჩვენს მიმართ. ის მეთოდები რაც ტროლების, ბოტების და ზოგიერთი მედიასაშუალებით ხორციელდება, არის საბჭოთა კავშირის მეთოდები. ეს არის პუტინის მეთოდი”, – აცხადებს ჯიშკარიანი.