17 მარტს სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაცია იგეგმება. მისი თქმით, დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას რუსეთი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს, რასაც ხელისუფლება დათანხმდება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
მისი თქმით, ამაზე საუბარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.
რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი და რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.
ვხედავთ, ბოლო დღეებში გააქტიურდა სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი, ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ვინც საზოგადოებაში ამ იდეის აგორებას უწყობს ხელს ქვეყნის მტერია,
მანამდე მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაცია იგეგმება. მისი თქმით, დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას რუსეთი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს, რასაც ხელისუფლება დათანხმდება.
ვიდრე ქვეყანაში ტრადიციული პოლიტიკური დაპირისპირების თუ გადაბრალებების ფონია, საზოგადოების ნაწილი კვლავ შეკითხვებს სვამს, მინდა გთხოვოთ, განვუმარტოთ საზოგადოებას – რას გულისხმობს ნეიტრალიტეტი?
“პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის მსჯელობა რაც ახლა უკრაინის გარშემო მიმდინარეობს ეს არ არის ნეიტრალიტეტი. ეს არის უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების დამატებითი მყარი გარანტიების ძიება, რომელიც შეიძლება მისი პარტნიორებისაგან მიმდინარეობდეს, შესაძლოა მცირე ალიანსებში გაწევრიანებისაგან.
ყოველ შემთხვევაში ამას პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან კავშირი არ აქვს.
ნეიტრალიტეტის გამომცხადებელ ქვეყანას, პირველ რიგში, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არც მრავალმხრივ სამხედრო ურთიერთობებში, არც ორმხრივ რაიმე ხელშეკრულებაში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ნეიტრალიტეტის გამოცხადება, დეკლარირება არ არის საკმარისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაცული ან უსაფრთხო ხდება.
ამის მაგალითები ბევრია, თუნდაც ბელგია რომ ავიღოთ, რომელიც მე-19 საუკუნიდან ნეიტრალურია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მეზობლებისთვის. პირველ და მეორე მსოფლიო ომში ბევრჯერ დაესხნენ თავს ბელგიას, რათა მიეტაცებინათ მისი ტერიტორიები.
საქართველო 1920 წელს ნეიტრალური ქვეყანა იყო ოფიციალურად, თუმცა ამან რუსული ოკუპაცია და ანექსია ვერ აგვარიდა.
ნეიტრალიტეტი ძირითადად გახლავთ მეზობლების შეთანხმება. მეზობლების შეთანხმება უფროა, ვიდრე ქვეყნის გადაწყვეტილება.
ჩვენ სამეზობლოში გვყავს ისეთი აგრესიული ქვეყანა, როგორის არის რუსეთი, ის არ დაგიდებს არანაირ საკუთარ ხელმოწერილ ხელშეკრულებას.
ცხადია, საქართველოს ნეიტრალიტეტი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მარტოდ დარჩენას რუსეთთან, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს არა მხოლოდ ნატოსკენ მისწრაფების შეზღუდვას, არამედ ნებისმიერ ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენს სამხედრო განვითარებასთან და სამხედრო აღმშენებლობასთან არის დაკავშირებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნეიტრალიტეტისა არის ის, რომ ნეიტრალიტეტი იმთავითვე გულისხმობს სამხედრო ძლიერებას, განვითარებულ სარეზერვო დანაყოფებს, ტერიტორიული თავდაცვის ძლიერ სისტემას. მაგალითად, შვეიცარიის პირობებში.
იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ცხადია, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და მით უმეტეს მყარი გარანტიების მიღება სამეზობლოდან წარმოუდგენელი ამოცანაა.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, დღეს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის.
საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნეთ, სადაც თქვენ წერდით, რომ დამარცხებული და გამარჯვებული რუსეთიც სერიოზული მუქარაა საქართველოსთვის.
რას გულისხმობთ და თქვენი შეფასებით, რა გვჭირდება დღეს გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
„ინიციატივა დასავლეთს უნდა მივცეთ და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ შენი ქვეყნის უსაფრთხოების სქემები უნდა შეიმუშაო შიგნით და დასავლეთის კარზე მუდმივად აკაკუნო შენ მიერ შემუშავებული, შიდა თუ გარე პარტნიორებთან გავლილი იმ სქემებით, რომლებიც შეიძლება მომგებიანი იყოს საქართველოსთვის.
საქართველოში ამჟამად ასეთი მუშაობა არ ჩანს, შესაძლოა, რაღაც კაბინეტებში მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ არც ერთი სათათბირო ორგანო და პასუხისმგებელი უწყებების ჯგუფი არ გამხდარა ცნობილი, რომ შეკრებილიყო ამ თემაზე.
რაც შეეხება იმ თემას, რომ ჩვენთვის დამარცხებული და გამარჯვებული რუსეთის საშიშია, ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთის კოლაფსი ასე ერთ საათში არ მოხდება, რომ დაიყოს მცირე შესაძლებლობების მქონე ქვეყნებად.
ესეც შეიძლება საფრთხე იყოს საქართველოსთვის.
რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ცხადია, რუსეთი იმ წამსვე გადავა საქართველოზე და ეს არ არის მარტო ქართველების მოსაზრება, ამას ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ამას ამბობენ ჩვენი პოლონელი კოლეგები, ამერიკელი დიპლომატებიც მუდმივად.
რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ბუნებრივია, პუტინის რეჟიმი ეცდება მცირე მომგებიანი ომის წარმოებას და ასეთი მცირე ომი მან შეიძლება აწარმოოს საქართველოში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართველი ხალხი, ბუნებრივია, გმირულ წინააღმდეგობას გაუწევს რუსულ აგრესორს, საქართველო რუსეთისთვის უფრო ადვილი გადასაყლაპია, ვიდრე 40 მილიონიანი უკრაინა. შესაძლოა, რუსეთმა ეს გამოიყენოს შიდა აუდიტორიაზე ზემოქმედებისთვის, მოგების იმიტაციის შესაქმნელად.
ასეთ დროს აპათიაში ჩავარდნა კი არ არის საჭირო, პირიქით, სულისკვეთება უნდა გაიზარდოს.
სასწრაფოდ უნდა მოხდეს სარეზერვო და მოხალისეობრივი მიმართულების წინ წამოწევა, გნებავთ კიბერუსაფრთხოების და სხვადასხვა არაკონვერციულ მიმართულებებზე.
ასევე, მნიშვნელოვანია აუცილებლად გავითვალისწინოთ და ახლავე გვქონდეს სქემა, რუსეთის დამარცხების ან შეჩერების შემთხვევაში, ეს რა ეკონომიკური პრობლემების მომტანი იქნება საქართველოსთვის. მაგალითად, სანქციებით მეტად შევიწროებული რუსეთის ფედერაცია ცხადია, პირველ დარტყმას საქართველოს იმ მოქალაქეებს მიაყენებს, რომლებიც მუდმივად ფულს აგზავნიან საქართველოში ოჯახის წევრების სარჩენად.
ახლა, მინიმუმ მაგიდაზე უნდა იდოს ის პროექტი, რომელიც ამ საქართველოს მოქალაქეებს იმ მძიმე ყოფას, რასაც დასავლური სანქციები გამოიწვევს.
ის გარემოება, რომ ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსეთზე და ამაში ჩვენი ხელისუფლების „წვლილი“ ძალიან დიდია. ის გარემოება, რომ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, რომ არ ვიყოთ რუსეთიდან გზავნილებზე დამოკიდებული, რუსეთის კოლაფსის პირობებში აუცილებლად გამოიწვევს, ჩვენი მოსახლეობის გაჭირვების ზრდას რამაც შეიძლება გააღრმავოს პრორუსული განწყობები მოსახლეობის ერთ ნაწილში.
ამ პირობებში პრორუსული პარტიების აშკარა დაუსჯელი მოქმედება და მათ წინააღმდეგ არგატარებული შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები ქვეყანას შესაძლოა, ძალიან მძიმედ შემოუტრიალდეს.
ამაზე საუბარი დღესვეა დასაწყები, რადგან როდესაც ამისთვის მოიცლის რუსეთი, ღონისძიებების დაგეგმა და გატარება შეიძლება გვიანი იყოს.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის საკითხს, ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნდა მოიძებნოს კომპრომისი, რომელიც „ომის დასრულების წერტილი“ იქნება…როგორ შეაფასებთ უკვე დღეს არსებულ ვითარებას სამხედრო თუ პოლიტიკური კუთხით, რა რესურსი აქვთ ქვეყნებს დარჩენილი და რა კომპრომისი შეიძლება მოიძებნოს მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტისთვის?
ფრონტზე არსებული ვითარება გვიჩვენებს, რომ რუსეთს ჯერჯერობით მძლავრი შეტევისთვის რესურსი არ აქვს. ცდილობს ამ რესურსს თავი მოუყაროს და მეორე ეტაპი თვის ბოლოს წარმატებით შეასრულოს, ამისთვის იგი მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებასაც იყენებს და ცდილობს ძალების გადაჯგუფებას.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი შეეშვა თავდაპირველ მიზანს – დენაციფიკაციას და კიევის აღებას, ახლა ეცდება აღმოსავლეთით და სამხრეთით მიტაცებული ტერიტორიების გაერთიანებას, ეს მისთვის საუკეთესო შემთხვევაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ისარგებლებს უკრაინული სამხედრო ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებისმიერი შეცდომით და ისევ არ გააგრძელებს კიევის შტურმს. ბუნებრივია, უკრაინა სისხლისგან იცლება, მაგრამ უკრაინელი ხალხის მაქსიმალური კონსოლიდაციით და დასავლეთის უპრეცედენტო დახმარების ფონზე, უკრაინამ შეძლო მსოფლიოს მეორე თუ მესამე არმიას წინ აღდგომოდა თითქმის ერთი თვის მანძილზე. ამ შემთხვევაში უკრაინისთვისაც მომგებიანია დროის გაწელვა და კონფლიქტის კიდევ უფრო სამამულო ომის ესთეტიკაში გადაყვანა, იმისათვის, რომ შეძლოს რუსეთზე ან მნიშვნელოვანი კონტრშეტევის განხორციელება ან იმ დრომდე მიაღწიოს, სანამ რუსეთში ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული პრობლემები დადგება.
რაც შეეხება ნატოს ჩართულობას, ზელენსკი ღიად აცხადებს, რომ ნატოში მაინც არ მიგვიღებენო, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ „არიან ნატოს წევრი სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ იყვნენ მათი უსაფრთხოების გარანტი. მისივე თქმით, სწორედ ამაში შეიძლება კომპრომისის მოძებნა – რა რესურსი აქვს დღეს ნატოს ამ ომის შესაჩერებლად?
ცხადია, ნატოში დღეს ვერ გაწევრიანება, არ ნიშნავს, რომ ნატოს კარი იხურება უკრაინისთვის. თავისთავად, ამ გახსნილი მოქმედებების ფაზაზე გაწევრიანება როგორც ჩანს, ნატომ ვერ გააცნობიერა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ მომრავლებული ომის დანაშაულის და არაადამიანური მოქმედებების ფონზე, ნატოს არ მოუწევს კონფლიქტში ჩართვა რაღაც ფორმით, შეიძლება ეს არ იყოს გახსნილი მოქმედებები, მაგრამ იყოს – ცის დაკეტვა, გარკვეული სამშვიდობო ოპერაცია ან რუსეთის შემაკავებელი გარკვეული ოპერაცია რაც უფრო დრო გადის, რუსეთს იარაღი ელევა, იკლებს რუსული ჯარის მზადყოფნა და უწევს კონვენციით აკრძალული იარაღის გამოყენება, მაგალითად, ახლა საუბარია, მაღალი ალბათობით, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. არ არის გამორიცხული, ნატოს ნებისმიერ საზღვართან ჩავარდნილმა მუხტმა ან ნატოს საზღვრის დარღვევამ საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს ნატოსგან, რომელსაც ვიმეორებ, შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ფართომასშტაბიანი ომის პრეტენდენტი, რადგან ბოლო მომენტში რუსეთს ძალიან ხშირად სჩვევია ხოლმე უკან დახევები,” – განაცხადა ანდრო გოცირიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში.