გამბედაობა, როგორც განვითარების საფუძველი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო ბერუაშვილმა ისაუბრა.
რას გვაძლევს ჩვენი აზრების გამბედაობა?
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ განვითარებაზე, კომფორტის ზონიდან გამოსვლის აუცილებლობაზე და ამ საუბრისას ხშირად გვავიწყდება, რომ გამბედაობა ზუსტად ის უნარია, რომლის გარეშეც წინსვლა და პროგრესი ხშირად შეუძლებელი იქნებოდა. გამბედავად, როგორც წესი, ითვლებიან ის ადამიანები, რომელიც უშიშრად იქცევიან, თუმცა მე თუ მკითხავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია გამბედაობა არა მხოლოდ ჩვენს ქცევაში, არამედ ჩვენს აზრებსა და ჩვენს ემოციებში.
ხშირად ჩვენი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ კარგად არ ვიცით, თუ სად გვინდა მისვლა და რისი რეალიზება გვსურს ცხოვრებაში. როგორც კი ფიქრს ვიწყებთ ამ თემაზე, მაშინვე ჩნდება აზრები, რომ ეს არ გამოგვივა, ამისთვის საკმარისად ახალგაზრდა არ ვართ და ა.შ. გამბედაობა აზრებში ზუსტად ამისთვის არის მნიშვნელოვანია, რომ გავუმკლავდეთ ამ პატარა, შინაგან მაჯლაჯუნებს, რომელიც გვეწინააღმდეგებიან და ჩვენს კომფორტის ზონაში ყოფნას გვაიძულებენ. ნუ შევუშინდებით წარმოუდგენელ იდეებსა და მოსაზრებებს, პირიქით შევეცადოთ, რომ ხანდახან წარმოუდგენელი რამეც კი წარმოვიდგინოთ, ჩვენი კრეატიულობაც ხშირად ამაზეა დამოკიდებული, რამდენადაც უფრო გამბედავი ვიქნებით ჩვენს მოსაზრებებსა და წარმოდგენებში, იმდენად უფრო მეტად შევძლებთ ინოვაციური იდეების გენერირებას და საკითხისადმი განსხვავებულ ხედვის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში, კი მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რისი რეალიზება გვსურს ცხოვრებაში და სად გვინდა, რომ მივიდეთ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია საკუთარ თავს არ ვუთხრათ უარი გამბედავ მოსაზრებებზე. ცხადია, ხედვის ჩამოსაყალიბებლად კიდევ სხვა საკითხებიც გვჭირდება, თუმცა ეს პირველი საფეხური უმნიშვნელოვანესია.
რას ნიშნავს გამბედაობა ემოციებში?
არსებობს ასეთი ტერმინიც კი: ემოციური გამბედაობა, რაც ნიშნავს იმის უნარს, რომ შეგვეძლოს განვიცადოთ ემოციების რაც შეიძლება ფართო სპექტრი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში? ხშირად ჩვენ შეიძლება არ ვახორციელებდეთ გარკვეულ ქცევას იმიტომ, რომ არ ვართ მზად განვიცადოთ ის ემოცია, რომელსაც ეს ქცევა მოგვიტანს. მაგალითად, თავს ვარიდებთ კოლეგასთან ან მეგობართან რთულ საუბარს, იმიტომ რომ გავურბივართ ამ საუბართან დაკავშირებულ გაღიზიანებას, მაგალითად, არ ვსვამთ ტრენინგის დროს კითხვას იმის შიშით, რომ სულელად არ გამოვჩნდეთ და ამის გამო არ ვიგრძნოთ სირცხვილი.
ან მაგალითად განვიხილოთ, როდესაც გვინდა რაიმეს მოთხოვნა, რაც გვსურს, მაგრამ ვერ ვბედავთ. რა ემოციებს ვგრძნობთ, როდესაც ფიქრობთ, რისი მიღებაც გსურთ და ვერ ახერხებთ ამ მოთხოვნის დაფიქსირებას? დაძაბულობა, ყოყმანი, გაღიზიანება და ა.შ, რომელიც შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზეც კი გაგყვეთ. რას გრძნობთ, როდესაც როგორც იქნება სათქმელს თავს მოუყრით და მოითხოვთ იმას, რაც გინდოდათ? გათავისუფლება, შვება და აზრი იმისა, რომ ნეტავ აქამდე გამეკეთებინა. ამ დროს ვამჩნევთ, რომ ხშირად ჩვენი მოსაზრებები ამ საუბრის შესახებ უფრო მეტად იყო ნეგატიური ემოციების გამომწვევი, ვიდრე რეალური შედეგი და რეალური შედეგი ხშირად ნეგატიური ემოციების ნაცვლად პოზიტიურ ემოციებსაც კი შეიძლება გულისხმობდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია შევეცადეთ შევამციროთ ჩვენი ყოყმანით გამოწვეული დისკომფორტი და დროულად ვთქვათ თქვენი სათქმელი.
ემოციური გამბედაობა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, გავიგოთ, თუ რა არის ის ემოცია, რომლის გამოც შეიძლება ამა თუ იმ ქცევას გავურბოდეთ, შემდეგ დავფიქრდეთ, რამდენად მზად ვართ ამ ემოციის მისაღებად, გავიხსენოთ რამდენად ხშირად განგვიცდია ეს კონკრეტული ემოცია და შესაბამისად, ამ გაცნობიერების შედეგად გაიზრდება ჩვენი ქცევის განხორციელების ალბათობა. რაც უფრო ხშირად გავივლით ამ ციკლს, მით უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი მზაობა განვიცადოთ ემოციების ფართო სპექტრი და ცხადია, გაიზრდება ჩვენი ემოციური გამბედაობაც.
და ბოლოს მხოლოდ აზრებსა და ემოციებში გამბედაობა არაფერს მოგვიტანს, თუ ამ ყველაფრის გამოვლინებას არ შევძლებთ ჩვენს ქცევაში. სინამდვილეში გამბედაობა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებადაც კი ჩაითვალოს, რადგან მის გარეშე ყველა სხვა ღირებულების ქცევაში გამოვლინება შეიძლება არ მოხდეს. შეიძლება თუ არა გამბედაობის განვითარება? კარგი ამბავი აქ ის არის, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამბედაობა სინამდვილეში ჩვევაა და შესაბამისად, როგორც ნებისმიერი ჩვევის ასევე მისი განვითარება არის შესაძლებელი.
როგორ განვივითაროთ გამბედაობა?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა მჭირდება იმისთვის, რომ გავხდე ის პიროვნება, რომელიც მინდა ვიყო და რაც დამეხმარება იმაში, რომ მოვახდინო ჩემი ხედვის რეალიზება. შემდეგ კი დავფიქრდე, თუ რა იქნება ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის განხორციელებაც ამ ეტაპზე მეშინია და რაც დამეხმარებოდა იმაში, რომ გავხდე ის, ვინც მინდა ვიყო. შემდეგ კი ყოველდღიურად დავიწყო ამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს გამოვიყენოთ პატარა ნაბიჯების ხელოვნება. თავიდან გადავდგათ ჯერ ისეთი ნაბიჯი, რისიც ყველაზე ნაკლებად მეშინია, ხოლო ნელ-ნელა გადავიდეთ ისეთ ნაბიჯებზე, რაც ჩვენში უფრო მეტ შიშს იწვევს.
როგორც კი შევამჩნევთ საკუთარ თავს, რომ ვყოყმანობთ გაბედული ნაბიჯის გადადგმისას, დავსვათ კითხვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა? ამ კითხვაზე პასუხი კი დაუკავშირდეთ თქვენს ძირითად ღირებულებებს და შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ეს ქცევა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეალურად გავხდეთ ის, ვინც გვინდა, რომ ვიყოთ. ეს კი დამატებით ძალას და მოტივაციას მოგვცემს. ამ პატარა ნაბიჯების ხელოვნებით კი შევძლებთ რომ ნელ-ნელა მივუახლოვდეთ იმ ხატს, თუ როგორი პიროვნება გვინდა, რომ ვიყოთ, არ გავექცეთ ჩვენი ემოციების სრულყოფილად განცდას და ჩვენი ქცევით დავიცვათ ის ყველაფერი, რისიც გვჯერა. შედეგად კი ვარწევთ, რომ ჩვენი ფიქრი, ემოცია, სიტყვა და საქმე ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან.