გამოცდების საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ანტონ ჩიქოვანი სახალისო ამბავს გვიზიარებს, რომელიც მას გამოცდაზე გადახდა.
ამბავს გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„გაგაცნობთ 117-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის კოორდინატორს ანტონ ჩიქოვანს და მის მიერ მოთხრობილ საინტერესო ამბებს საგამოცდო სივრციდან:
“საგამოცდო ცენტრთან ჩემი ურთიერთობა 2005 წლიდან დაიწყო, როცა უმაღლესი განათლების მიღების სურვილით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დავრეგისტრირდი. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა. ჯერ ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტში და ფაკულტეტზე მოვხვდი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ამავე უმაღლეს სასწავლებელში დავიწყე მუშაობა. დავიცავი დოქტორის ხარისხი ქიმიაში და ვარ ასოცირებული პროფესორი, ასევე ლექციებს ვკითხულობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
მეთვალყურის სტატუსით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2010 წლიდან ჩავერთე. არაერთი საინტერესო საგამოცდო პროცესის მონაწილე ვიყავი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა და სოფელში. შემდეგ კოორდინატორის თანაშემწის პოზიციაზე გადავინაცვლე. ხშირად მიწევდა მუშაობა სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებთან. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა, როცა ვიყავი დამხმარე აბიტურიენტის, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა და არ შეეძლო წერა. ის მკარნახობდა და მე ვუწერდი სიტყვასიტყვით. გამოსაცდელს ჰქონდა გაორმაგებული დრო, შესაბამისად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სექტორში მუშაობა არც მეტი, არც ნაკლები 8 საათი მოგვიწია.
მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდებოდა როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩაწერა, ეს პროცესი მაინც ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან არ უნდა გამომრჩენოდა არცერთი სიტყვა თუ სასვენი ნიშანი. ასეთი სამუშაო დღის ბოლოს დაღლას ყოველთვის კმაყოფილების შეგრძნება ფარავს – გრძნობ, რომ გამოსაცდელების დახმარება რეალურად შეძელი და შენი მოვალეობა მაქსიმალურად კარგად შეასრულე.
ზოგჯერ ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება, როცა დაუგეგმავად, სრულიად სხვა ფუნქციებსაც ვითავსებთ. ამბავი, რომელიც მინდა მოგიყვეთ, ერთ-ერთი ყველაზე ღიმილის მომგვრელი ფაქტია ჩემი მუშაობის ისტორიაში: მასწავლებლების გამოცდაზე სექტორში გვყავდა გამოსაცდელი, რომელსაც მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი გარეთ ელოდებოდა. გამოცდის მიმდინარეობის დროს, ბავშვმა ტირილი დაიწყო.
მამამ ვერაფრით შეძლო ბავშვის დაწყნარება, ამის გამო ძალიან ნერვიულობდა და მთხოვდა, დედას შეეწყვიტა ტესტზე მუშაობა და დაეტოვებინა საგამოცდო ცენტრი. მე ვერ მივცემდი თავს უფლებას ამ ფაქტის გამო პედაგოგს პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში ხელი შეშლოდა, ამიტომ ბავშვის მამას ვთხოვე ცოტახნით ჩემთვის გადმოეცა ატირებული გოგონა. ბავშვი შემოვიყვანე საგამოცდო ცენტრის ეზოში, ჩავიხუტე, ვეთამაშე, ზღაპრები მოვუყევი – ყველაფერი გავაკეთე მის გასამხიარულებლად. გამოგიტყდებით და, ეს არც ისე მარტივი საქმე ყოფილა.
ატირებული ბავშვი საკმაოდ მალე დამშვიდდა და ტირილით დაღლილს ჩაეძინა. დაძინებული პატარა ჩავაბარე მამას და დედამაც მშვიდად დაასრულა ტესტზე მუშაობა.
კოორდინატორის ამპლუაში საგამოცდო ცენტრს მესამე წელია ვემსახურები. ამ წლების მანძილზე იყო ბევრი დადებითი ემოცია, მადლიერი პედაგოგი, აბიტურიენტი, მაგისტრანტი, სტუდენტი და რაც მთავარია, საგამოცდო პროცესში მონაწილე არაერთი თანამშრომელი. მადლობა ყველას, ვინც 12-წლიანი მუშაობის პროცესში გვერდში მედგა და ჩემთან ერთად ემსახურებოდა ამ ეროვნულ საქმეს. ეს მაძლევს სტიმულს, რომ ყოველ ახალ საგამოცდო წელს დაკისრებულ მოვალეობას ახალი ენერგიითა და შემართებით შევუდგე”. – ვკითხულობთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ამბავში.