გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საუდის არაბეთში, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.
ცნობისთვის, Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, ის მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკას.