„გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და სექტორს შორის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა”,-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და კერძო სექტორს შორის.
“მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის, მაქსიმალური ჩართულობისთვის პროცესში იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კომიტეტს გააჩნია. ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა. რეფორმა მაშინ არის მნიშვნელოვანი და ძლიერი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატურებს მოუსმინეს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი ნათია კუკულაძისა და ეკატერინე იმედაძის კანდიდატურებს დაუჭირა. კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატი იყო წარდგენილი.