“დანაშაულის ზრდის ნაწილში, ეს ტენდენცია არის განსაკუთრებით საკუთრების მიმართებით,”- ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დანაშაულის ზრდას ეხებოდა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ გარკვეული მიმართულებით დანაშაულის ზრდა ფიქსირდება, თუმცა, შემცირებულია მძიმე დანაშაული. გახარია აღნიშნავს, რომ 25 წლის მანძილზე კრიმინალურ პოლიციაში არაფერი გაკეთებულა და არსებული ვითარების შესაცვლელად ახლა რეფორმები ტარდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური განცხადებები იყო აქ გაკეთებული, სტატისტიკა, კრიმინალი და ა.შ. რეალობა არის ის, რომ მძიმე დანაშაული მცირდება, თუმცა, გარკვეული მიმართულებით ჩვენ ზრდა გვაქვს. აქ არის სამუშაო და პირველ რიგში სტრუქტურულად არის ასაწყობი კრიმინალური პოლიცია პრევენციის და ანალიზის საფუძვლებზე.
25 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში საერთოდ არაფერი გაკეთებულა. გამომძიებელმა არ იცის, რომ არის გამომძიებელი, ოპერატიულმა თანამშრომელმა არ იცის, რომ არის ოპერატიული თანამშრომელი და საუბნო მიმართულებამ კიდე საერთოდ არ იცის რა არის ეს მიმართულება. შესაბამისად, ვერანაირ ხარისხზე საუბარი ვერ შეიძლება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.