Twitter-ის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ ილონ მასკმა „ტესლას“ აქციების 10% უნდა გაყიდოს.
პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ეს საკითხი თავადვე წამოჭრა და ონლაინ გამოკითხვაც მოაწყო. ილონმა აღნიშნა, რომ ის არც ხელფასს და არც ბონუსებს არ იღებს, ამიტომ გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა აქციების 10%-ის გაყიდვა იქნებოდა. რაზეც მას თავისი აუდიტორიის 57,9% დაეთანხმა. „ტვიტერზე“ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიზნესმენია და 63 მილიონი გამომწერი ჰყავს.
საინტერესოა, რომ გამოკითხვაში 3,5 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. მილიარდერმა კი წინასწარვე დადო პირობა, რომ შედეგებს სერიოზულად მიიღებდა და საზოგადოების გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებდა.
გამოკითხვა აშშ-ს დემოკრატიული პარტიის წევრების წინადადებასთანაა დაკავშირებული. პოლიტიკოსებს სურთ, რომ მილიარდერებს დამატებითი ფინანსური ვალდებულება დააკისრონ, რასაც მასკი სასტიკად ეწინააღმდეგება. ის აცხადებს, რომ არანაირ შემოსავალს არ იღებს, ამიტომ ამ ფულს უბრალოდ ვერ გადაიხდის.
თუკი კანონი ძალაში შემოვა, ახალი გადასახადი 700-მდე მდიდარ ამერიკელს დაეკისრება.