საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სკოლებში კონსტიტუციისა და კონსტიტუციის პრინციპების სწავლების ინიციატივით გამოდის.
კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოში, მიუხედავად სამართლის უძველესი ძეგლების არსებობისა, კონსტიტუციის ისტორია 1918 წელს იწყება, როდესაც მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი და მოგვიანებით საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.
1921 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენს ისტორიაში თავისუფლების სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიღება სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ საქართველოს ოკუპაციას, იგი იქცა თავისუფლების საყრდენად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად.
ცხადია, საბჭოთა კონსტიტუციები – იარაღის, ძალადობის, ანექსიის საშუალებით შექმნილი „ფაქტობრივი მდგომარეობის“ დამკანონებლები, დაცლილნი კანონის სულისა და სამართლიანობისაგან, მძიმე კვალს დატოვებდნენ. ქვეყანა დღემდე იმკის ეროვნული და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანგრევის მძიმე შედეგს, რამაც საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა ნიჰილიზმი კანონისა და სახელმწიფოსადმი, გაუცხოება ხელისუფლების მიმართ, სკეპტიციზმი მისი სამართლებრივი გზით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე.
მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, ჩვენ მოვახერხეთ დიდწილად დაგვეძლია ჩვენს სამართლებრივ ცნობიერებაში ჩანერგილი მანკიერი მოდელები. შევძელით ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი სტანდარტები და დემოკრატიული პრინციპები. სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.
კონსტიტუცია არ არის გაქვავებული სამართლებრივი ძეგლი. კონსტიტუცია არის ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება, ასახავს სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს. ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი კი საქართველოს გამთლიანებაა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი არ არის. საქართველო ვერ გადალახავს თავის ტრაგიკულ გამოცდილებას, ვერ მოიტოვებს უკან თავისი დანაწევრების ისტორიას, ვერ გამთლიანდება აფხაზ და ოს ხალხებთან საერთო ინტელექტუალური, კულტურული და ღირებულებითი სივრცის აღდგენის გარეშე. სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა, ჩამოაყალიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება.
ეს არის ჩვენი მომავლის გზა!
და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით – ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.”