LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა, ბოლო 7 თვეში, დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა

470
Untitled design (1)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევებმა იმატა.

როგორც ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გამყრელიძე ვირუსის სიმპტომებზე საუბრობს:

“ლეტალობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს. ყირიმ-კონგოს დაავადება საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი – 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულა ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება. ზოგადად, გარდაცვალების მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12.9 პროცენტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ეს არის ჰემორაგიული ცხელების ჯგუფიდან, რომელსაც მიეკუთვნება მარბურგის ცხელება, ებოლა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში, ლეტალობის პროცენტი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგო აფრიკის, აზიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და თურქეთშია გავრცელებული.

ჩვენთან ენდემურად არის გავრცელებული. ძირითადი გავრცელების რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი.

ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან გადადის. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუს ხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი, წითელი ლაქებით. ასევე, პაციენტს სისხლში მთელი რიგი ცვლილებები აღენიშნება. დიაგნოზი ძირითადად „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ამას ჩვენ დღეს ვატარებთ ლუგარის კვლევით ცენტრში, შემდგომ კი სეროლოგიურად ვიკვლევთ. ძირითადად, მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში.

ჩვენს ცენტრალურ ინფექციურ კლინიკას ყირიმ-კონგოს მკურნალობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა, ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არის. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის “რიბავერინი”. ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ადრეულ სიმპტომებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის და სამედიცინო მუშაკები კარგად იყვნენ გაცნობიერებულები:

“მნიშვნელოვანია, პაციენტებმა დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა იმის საწინდარია, რომ დაავადება არ გართულდეს და მძიმე გამოსავალი არ მივიღოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ვეტერინარული დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე შიდა ქართლში, სადაც ენდემური კერები გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება, ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები მუშაობენ მესაქონლეებთან, თუ რა უნდა გააკეთონ პირველივე სიმპტომის შემთხვევაში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ყირიმ-კონგოს ცხელებით 63 წლის კაცი გარდაიცვალა – შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა

ასპინძაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დადასტურდა – როგორია პაციენტების მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g