LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განათლებაში ჩადებული შრომა და ხარისხიანი განათლების მიცემა, ქვეყნის კარგი მომავლის წინაპირობაა” – ბიზნესმენის ისტორია

1101
343355

რუბრიკაში “ბიზნესმენის ისტორია” წარმოგიდგენთ ბიზნესვუმენის დარეჯან ქადაგიძის ამბავს.

ბიზნესმენი დარეჯან ქადაგიძე, საშუალო სკოლა “ლამპარის” დამფუძნებელი. 

ბიზნესის დაწყების ისტორია:

1980 წელს დავიწყე სახელმწიფო (საჯარო)  სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა. იმ პერიოდში კერძო სკოლები არ არსებობდა, მაგრამ საბჭოთა სკოლის სწავლების, ხშირად არასწორი მეთოდოლოგიის გამო, გაჩენილი პროტესტი მუდამ მაიძულებდა მეფიქრა და მეოცნება ცვლილებებზე, რომლის განხორციელების მცდელობები 90 – იან წლებში არაერთგზის მქონდა. შევქმენი ფასიანი ჯგუფები, სადაც სწავლების განსხვავებული მიდგომები დავნერგე. 1996 წელს დავინიშნე  საჯარო სკოლის დირექტორად. ამ პერიოდისათვის საჯარო სკოლების 95% – ში განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა, უფანჯრო, სახურავის გარეშე დარჩენილ შენობებში საკმარისი ინვენტარიც კი არ იყო.  სკოლის შენობების  დიდ ნაწილს არც გათბობა და არც სველი წერტილები არ ჰქონდა.  ჩემი სკოლაც ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნებოდა. ჩემს მიერ მოძიებული სპონსორების წყალობით, სკოლის ინფრასტრუქტურა შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ ბუნებრივია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, ეს არასაკმარისი იყო. გადატვირთული კლასები, სადაც უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობა 45 – ს აჭარბებდა, პედაგოგების დაბალი ხელფასი, შესაბამისად დაბალი მოტივაცია, სწავლების დაბალი დონის ხელშემწყობი გარემოებები გახლდათ.

1997 წელს (იმ პერიოდისათვის უკვე  გახსნილი იყო რამდენიმე კერძო სკოლა) დავაფუძნე, კერძო სკოლა „ლამპარი“, რომელიც განთავსდა იმ საჯარო სკოლის ერთ-ერთ ფლიგელში, რომლის დირექტორიც მე გახლდით. სწავლება 11 წლიანი იყო და სასწავლო წელი 25 მოსწავლით დავიწყეთ. ზოგ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე იყო, ზოგან 2- 3. კლასებში მოსწავლეთა სიმცირე უკვე ქმნიდა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უპირატესობებზე, რომელსაც კანონი გვანიჭებდა საჯარო სკოლისაგან განსხვავებით, თუმცა ეს უპირატესობები, იმ პერიოდისათვის არც ისე დიდი იყო.

არ გვქონდა საშუალება და უფლება სწავლების პროცესი საჯარო სკოლისაგან მკვეთრად განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ წლების განმავლობაში კერძო სკოლის ხელმძღვანელების გაერთიანებული ძალისხმევით, განათლების კანონში შესული ცვლილებების,  ასევე განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით მონიჭებული უფლებებით და  განხორციელებული ცვლილებებით, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და შედარებით მაღალი ხელფასებით გაჩენილი მოტივაციის წყალობით, საჯარო სკოლებისაგან სრულიად განსხვავებულნი სურათი შეიქმნა.

განსხვავებული სასკოლო სასწავლო გეგმები, მიდგომები, მუდმივი ზრუნვა პედაგოგების კვალიფიკაციის ზრდაზე, მცირე კონტიგენტიანი კლასები ( მაქსიმალური –  15 მოსწავლე) გახდა ხარისხის ზრდის წინაპირობა და გარანტი განსხვავებული შედეგებისა. რამაც კერძო სკოლებში სწავლის მსურველთა ზრდა გამოიწვია. ჩვენი სკოლის კურსადამთავრებულთა, ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა ყოველწლიურმა რაოდენობამ შესაბამისად  უმღლეს სასწავლებელში გრანტით ჩარიცხულთა  რაოდენობის მაჩვენებელმა ჩვენი სკოლის  მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაზარდა.  დღესდღეობით 350 მოსწავლეს ვითვლით. ეს არაა ის რაოდენობა, რომელიც ბიზნესის თვალსაზრისით სერიოზულ მოგებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა საშუალებას იძლევა სრული და ხარისხიანი კონტროლი განხორციელდეს მათი სწავლა-სწავლების ხარისხზე და პარალელურად დაისახოს მისი გაუმჯობესების მიმართულებები და გზები. დროთა განმავლობაში იზრდებოდა დაკვეთა, არა მხოლოდ სწავლის ხარისხთან არამედ, ინფრასტრუქტურასთან მიმართებაშიც. ამას თან დაერთო კანონი, რომელიც კრძალავდა კერძო სკოლების არსებობას საჯარო სკოლებში, ამიტომ სკოლამ მოიძია შენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა მშობლების დაკვეთასაც და იმ პერიოდისათვის არსებულ კანონს ავტორიზაციის მისანიჭებლად. ბუნებრივია ამისათვის დამატებით ფინანსები დასჭირდა. ამიტომ გავერთიანდი ჩემსავე კოლეგასთან, მეგობართან ახლა უკვე პარტნიორთან რუსუდან მდივანთან. სკოლის მართვაში ჩაერთო ჩემი შვილი ნინო ქადაგიძე, რომელმაც ახალგაზრდული ენერგიით, ახალი ხედვებით, სკოლის  მართვის თანამედროვე  სტილი დანერგა.

დღეისათვის  გაცილებით უკეთესი ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული გარემო, უსაფრთხო და მოსწავლეების და კანონის  მოთხოვნაზე მორგებული პირობები გავაქვს, თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. სახელმწიფოს მიერ საჯარო სკოლებში გაზრდილი პედაგოგთა ხელფასების და შექმნილი ეკონომიური მდგომარეობის გამო ჩვენთანაც საჭიროა  ხელფასების ზრდა, მშობელთა  მოთხოვნების ზრდის პარალელურად, საჭიროდ მიგვაჩნია ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც პარალელურად გადასახადების ზრდას იწვევს, და ვერ ეწევა ხარჯებს.

დღეს ბევრი სვამს კითხვას, რამდენად მომგებიანია სკოლა, როგორც ბიზნესი? საქართველოში არსებობს სკოლები, სადაც გადასახადი, საკმაოდ დიდია, 3-4 ჯერ აღემატება სხვა, მათ შორის ჩემს კერძო სკოლაში დაწესებულ გადასახადს, მათი მოგება ალბათ შესაბამისად სოლიდურიცაა, მაგრამ პირადად ჩემთვის ამ საქმიანობის განხორციელებისას ბიზნესი და მოგება ნაკლებ პრიორიტეტულია. ახლა რომ ვიწყებდე ფიქრს ბიზნესის კეთებაზე, ვადგენდე ბიზნეს გეგმას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმიანობა  გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს ბიზნესის თვალსაზრისით, ალბათ მე მაინც სკოლას ავირჩევდი. რატომ? იმიტომ რომ მიყვარს ბავშვები, მომწონს პედაგოგიური საქმიანობა და მიმაჩნია, რომ მათ სწავლა – განათლებაში ჩადებული შრომა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა ქვეყნის კარგი მომავლის წინაპირობაა.

 

mazda magti 5g