განათლების სამინისტრომ ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ პირი, რომელმაც მისი შვილი სცემა, მისივე შვილის კლასელის მამაა. როგორც მან აღნიშნა, პირი, რომელმაც მისი შვილი სცემა, პოლიციელის ფორმაში იყო ჩაცმული. მისივე თქმით, ამ ფაქტს ორი დღის წინ მის შვილსა და შვილის თანაკლასელს შორის მცირე კამათი უძღოდა.
მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ განთლების სამინისტროს აცნობა. სკოლის დირექტორის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა მისი სკოლის მოსწავლე და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თუმცა, სცემა თუ არა მამაკაცმა ბავშვს, ეს დირექტორისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პიროვნება, რომელსაც ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ, პოლიციელი არ არის. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკითხის შესწავლა სამართალდამცველების მიერ კანონშესაბამისად მიმდინარეობს.