საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება თერმოსკრინინგისა და გაფართოებული ტესტირების შესახებ.
„არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების, კერძოდ გაჩიანის დასახლებაში“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
“დღეიდან დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება სოფლებში, ამჟამად 6 ბრიგადა მუშაობს სოფელ ყარაჯალაში“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რაშია პოზიტივი
ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, დაინფიცირებულთა რიცხვი იმატებს, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
„ზოგადად მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იმატებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ასეთი არ ყოფილა პანდემიის დაწყების პერიოდშიც. ახალ შემთხვევათა რიცხვი 200 ათასს აჭარბებს და ეს ძირითადად ხდება მთელი რიგი ქვეყნების ხარჯზე. ჩინეთი, სადაც დაიწყო ეპიდემია, დაინფიცირებულთა რიცხვით 24-ე ადგილზეა. პირველი სამეული გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და ინდოეთი. განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება შემთხვევათა რაოდენობა ბრაზილიასა და ინდოეთში. პოზიტივი არის ის, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა გახლავთ შედარებით მსუბუქი და ამას ორი ინდიკატორი მიუთითებს. ერთი გახლავთ ის, რომ იკლებს გლობალური სიკვდილიანობა.
ასევე სერიოზულად მომატებულია გამოჯანმრთელებულთა ხვედრითი წილი. თუ ის იყო საერთო ინფიცირებულების 40%, დღეს გახლავთ 60%. ანუ გლობალურად ეპისიტუაცია არ მშვიდდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
სიტუაცია არასახარბიელოა
გამყრელიძემ ჩვენს უშუალო მეზობლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა მათთან კვლავ რთულია
„ვისთანაც პირდაპირი საზღვრები გვაქვს, სამწუხაროდ ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა. რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში ჯერჯერობით ეპიდემია აღმავალია. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სტაბილიზაციის მთელი რიგი ელემენტები ჩანს, მაგრამ სერიოზულად არის გაზრდილი ახალ დავირუსებულთა რაოდენობა ცენტრალური აზიიის ქვეყნებში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ყაზახეთი, რომელიც თითქმის მიუახლოვდა ჩინეთს. ასევე სერიოზულია მდგომარეობა ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში. ამავე დროს კვლავ მაღალია დაინფიცირებულთა რაოდენობა ბელარუსში. ასე რომ, რეზიუმე რომ გავაკეთო, გლობალური სიტუაცია არასახარბიელოა“, – განაცხადა გამყრელიძემ.