სიერა ლეონეს დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გამოავლინეს.
მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურება.
სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
