LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს უარყოფს

211

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კომპონენტზე არ ფიქსირდება . ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) „მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა 2016” ცნობარის მონაცემებით, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა 2012 წლის გაზომვებს.

”ამასთან, მიმდინარე წელს WHO-ს მიერ მტვერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევებში ქალაქების მიხედვით (2014 წლის გაზომვებზე დაყრდნობით – იხ. j.mp/whooutdoor) თბილისის დაბინძურება შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რაც არ იძლევა IEA-ის ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნის გაკეთების საფუძველს. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ გამოიყენება მეთოდოლოგიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დააკავშირებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხს სიკვდილიანობასთან სხვა ფაქტორებისაგან (მაგ. შენობების შიგნით ჰაერის ხარისხი, მწეველების რაოდენობა) მოწყვეტით; ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, მრავალი რეფორმის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის სათანადო მართვასა და მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე მტკიცებით, გარემოს ეროვნული სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს ატმოსფერულ ჰაერში აზოტის და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის შემცველობის დადგენის მიზნით.

”გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო მიიჩნევენ, რომ კვლევაში გამოყენებული პირველადი მასალები საჭიროებს დეტალურ შესწავლას, რისთვისაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარედგინება ოფიციალური მოთხოვნა აღნიშნული მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების მიზნით. მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პერიოდულად გამოაქვეყნებს ანგარიშში მოცემული მონაცემების შესწავლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

magti 5g