საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტს ჟოზე ანტონიო ვიდალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ენოტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„საქართველო ღვინის ქვეყანაა, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ ამ ისტორიას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ვმუშაობთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და ექსპორტის გაზრდაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ტურიზმი სწრაფად ვითარდება. ტურიზმი და ღვინის წარმოების წარმატებული ინდუსტრია კი ჩვენს ეკონომიკას აძლიერებს. ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ენოტურიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება განვითარების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა“, – აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
„მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის ძირითადი მიზანია ენოტურიზმი იმ ქვეყნებში განვავითაროთ, სადაც თანამშრომლობას ვიწყებთ. მთავარია, გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა. ჩვენ ვეხმარებით როგორც საჯარო და კერძო, ასევე აკადემიურ სექტორს“, – აღნიშნა ჟოზე ანტონიო ვიდალმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესპანეთის ალკალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მიგელ გამბა, ესპანურ-ქართული ასოციაციის სავაჭრო პალატის დამფუძნებელი ქეთი გორგილაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი ვახტანგ წივწივაძე ესწრებოდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა კახეთში ქართული ღვინის კომპანიები და მარნები დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ ენოლოგია არის მეცნიერება ღვინის დაყენებისა და მოვლა-შენახვის შესახებ. ენოტურიზმის მიზანი კი ე.წ. ღვინის გზაზე ვიზიტორთა მოზიდვა და მათთვის ვენახებისა და მარნების მონახულების, ღვინის დეგუსტაციისა და ღვინის წარმოების პროცესზე დასწრების შესაძლებლობის შექმნა, ასევე, ღვინის ფესტივალებისა და ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაა.