LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მკაცრდება

139
ნინო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე  წარადგინა.

ცვლილებების პაკეტი შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს, კერძოდ, 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება. ამასთან, საჯარიმო სანქცია წესდება ელექტროშოკური აპარატის გამოყენებაზეც.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, განმეორების შემთხვევაში – 2000 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, განმეორების შემთხვევაში – 6000 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

„ზღვის დაბინძურება ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ევროკავშირის ქვეყნებში ზღვის დაბინძურებაზე საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციებია, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არის რეკომენდაცია ევროკავშირის მხრიდანაც“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ცვლილებების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

magti 5g