“ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე”,-ამის შესახებ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალასთან დაკავშირებით განაცხადა. ის თვლის, რომ ვიდეომასალა არასრულია.
„გამოძიებამ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამი ჯიპი რუსთავიდან, სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. მათი მარშრუტი იყო შემდეგი-ისინი ყოველდღე მიდიოდნენ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე და გარკვეული დროის შემდეგ რუსთავში ბრუნდებოდნენ. მოვითხოვე, ერთი კვირის მანძილზე, რუსთავიდან შავნაბადის სამხედრო ბაზაზე მათი შესვლისა და გამოსვლის მასალა გამოთხოვილი ყოფილიყო და ნათლად გვენახა, თუ რა პერიოდი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ისინი თანახმა იყვნენ. დაპირების თანახმად, ეს ვიდეოჩანაწერი გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვიყავით.
ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელის გზით უკავშირდება მაწევანს. არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის. ჯიპს ყველაზე მარტივად შეეძლოთ ჩასულიყო მაწევანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ვსვამ კითხვებს, სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტი, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსესებობს რუსთავში ასეთი სამხედრო ბაზა. ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი პირადად უნდა მენახა“,-აცხადებს რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები მიყვებოდნენ.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვალების დღეს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მართლაც მიყვებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები. უწყება განმარტავს, რომ ისინი სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მხოლოდ გზის გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვლის მანქანის უკან.