LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ხართ მატყუარა, მონები, არასანდო ადამიანები” – მიხეილ რამიშვილი პროკურატურას პასუხობს

143
BeFunky-collage - 2020-09-09T155249.986

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის საგამოძიებო უწყებასთან შეთანხმებული იყო და უახლოეს 2 დღეში თავად მიაწვდიდა სატელიტის ფოტოებზე წყაროს შესახებ ინფორმაციას, თუმცა პროკურატურამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რამიშვილმა წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა. ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლებს “მატყუარებს” და “მონებს” უწოდებს.

„მე პროკურატურასთან შეთანხმებული ვიყავი, სულ ორი დღე ვითხოვე. ეს შეიძლება დღესაც ყოფილიყო. ჩემი მხრიდან მზაობა იყო, რომ ყველაფერი დეტალურად მეთქვა, მაგრამ როგორც ვატყობ, სხვადასხვა მხარეს ვყოფილვართ. არ მოიცადეს დღის ბოლომდე, რომ მისვულიყავი და ბოლომდე მეთქვა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც გუშინ წარვადგინე.

მივმართავ მათ, ვისაც გუშინ ველაპარაკე, ერთი მისხალი ნდობა აღარ მექნება თქვენ მიმართ იმიტომ, რომ მატყუარა და არასანდო ადამიანები ხართ. ჩვენ გუშინ პრივატული სუაბრებიც გვქონდა და შეთანხმებული ვიყავით ორ დღით მოცდაზე. დღეს ვაპირებდი მოვსულიყავი, მაგრამ დღის ბოლომდეც არ მოიცადეთ. გამოდიხართ და ამბობთ, რომ თითქოს მე უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენტელები ხართ. არცერთი ადამიანი, ვისთან სასაუბროდაც გუშინ ღამე მოვედი, კეთილსინდისიერი არ ხართ. დღეს თქვენ რასაც აკეთებთ, ამაში არ ხართ დამოუკიდებლები. თქვენ ხართ მონები და არ ხართ კეთილსინდისიერები. თქვენ გამომძიებლები კი არა, შემსრულებლები ხართ, რასაც თქვენი უფროსები გავალებენ. უღირსი ადამიანები ხართ. თქვენთან ყველანაირ ურთიერთობაზე გული ამიცრუვდა“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

სატელიტის ფოტოების ავთენტურობაზე ეჭვი არსებობს – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რამიშვილი გამოძიებას  წყაროს დასახელებას ჰპირდება, საიდანაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოიპოვა და მოითხოვს, 19-20 ივლისს გადაღებული ფოტოები სახელმწიფომაც გამოითხოვოს.

„ცხადია, ამას მოაბამდნენ კუდებს, თითქოს ეს ფოტოშოფია, რომ გადაკეთებულ-გადმოკეთებული ფოტოა. 21-22 ივლისს ღრუბლიანი ამინდები იყო. შესაძლებლობა და სურვილი რომ მქონოდა, უღრუბლო ფოტოშოფსაც გავაკეთებდი და ვანახებდი განათებულ, ძალიან ლამაზ ფერებში. მე ამ ფოტოებს გადავაგზავნი შესაბამის საელჩოებშიც, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე.

ჩვენ გამოძიებასაც მივაწვდით ინფორმაციას, საიდან და როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ჩემ ხელში და მოვითხოვ, რომ სახელმწიფომაც გამოითხოვოს 19-20 ივლისის ეს ფოტოები. ტყუილი და ცრუპენტელობა მათ მხარეს მოიკითხონ“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ფოტოებზე. უწყების ინფორმაციით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.