ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ (IDFI) გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ. 2015 წელს სასამართლოს საგამოძიებო უწყებებიდან ფარული მოსმენა-მიყურადების მიზნით მიმართეს 2719-ჯერ, 2018 წელს კი 9606-ჯერ.
IDFI-ის კვლევის თანახმად 2017 წელს ფარული მოქმედებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, არ მოჰყოლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში აპროტესტებენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში 2017-2019 წლებში ფარული მიყურადების რეგულირებისა და პრაქტიკის თაობაზე კვლევას აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, ბოლო ორ წელიწადში ფარული მიყურადების შუამდგომლობების განხილვისა და დაკმაყოფილების რაოდენობა გაორმაგებულია.
ამასთან, კვლევის თანახმად, საგამოძიებო ორგანოებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2017-2019 წლებში გაზრდილია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის განმავლობაში წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს. გაზრდილია ასევე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილი. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.
„საგულისხმოა, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რიცხვი“, – ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.