ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტების საფასურს გაუთანაბრდეს. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს მიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში გაიმართა, აღინიშნა, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობით. მათ შორისაა „ერასმუს+“, „ჰორიზონტი 2020“, რომლებშიც საქართველო უკვე მონაწილეობს და რომლებში ჩართულობაც საქართველოს ევროკავშირთან განათლების მიმართულებით კიდევ უფრო აახლოებს.
„მხარეებმა განიხილეს სტუდენტების, მეცნიერების და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე ევროკავშირის გაერთიანებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაში ქუთაისის უნივერსიტეტის გაწევრიანების პერსპექტივა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფება. გუშინ გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს იანს სტოლტერბერგს შეხვდა.
