GDI გმობს რამიშვილის მიერ შევიწროების შემთხვევებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას. ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს.
“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, თითქოს მსხვერპლი ქალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სანდო იმის გამო, რომ მომხდარიდან გარკვეული დრო არის გასული. ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი პოზიცია ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, შევიწროებას, აბრკოლებს სამართალდამრღვევთა გამოვლენას და ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას.
გარდა ამისა, POSTV-ის პროსამთავრობო პოზიციონირების გათვალისწინებით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს POSTV-ისა და შალვა რამიშვილის გამოსარჩლების მცდელობას სექსუალურ შევიწროებაში მამხილებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
GDI სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე.