გარიცხვის შესახებ შეტყობინება საპარლამენტო უმრავლესობის აპარატიდან whatsapp-ში მივიღე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ განუცხადა.
ქართულმა ოცნებამ დეპუტატი ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გუშინ, 1 სექტემბერს, გარიცხა. ეს გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც გეგიძე არ ესწრებოდა.
ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს – რა გახდა ამის მიზეზი
მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან. თავად გეგიძე კი უმრავლესობიდან გარიცხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირებს.
„ამას ვუკავშირებ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია და ხედვა. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყრებ, ამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ სიას მხარი დავუჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა, იმავეს ვიმეორებ. მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რაც ყველაფერ დანარჩენს ფარავს,“ – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.