მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის პროცესი ერთი და ორი სხდომით ვერ დასრულდება და ამას, შესაძლოა, სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდეს.
ამის შესახებ ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხვალინდელ პროცესამდე დვოკატებმა შემაჯამებელი კონსულტაცია გამართეს:
„ხვალ სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, ამიტომ ადვოკატებს საბოლოო, შემაჯამებელი კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ახლა დავასრულე კონსულტაციები და მიხეილ სააკაშვილს უნდა გადავცე, თუ რაზე შევთანხმდით ადვოკატები. ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, რადგან საფუძვლიანი მოთხოვნა არსებობს. რა მტკიცებულებებიც უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა, ეს მტკიცებულებები დასაშვებად არ ითვლება, ამიტომ, ექსპერტების ჩახსნა გამორიცხულია. რაც შეეხება ისეთ მოწმეებს, რომლებიც სამედიცინო დოკუმენტაციის ავთენტურობასთან არ არის დაკავშირებული, შესაძლოა, რამდენიმე მოწმე არ დავკითხოთ – სულ 30 მოწმეა და კონკრეტიკას მოვერიდები. ერთ და ორ სხდომაში ეს პროცესი ვერ დასრულდება, მინიმუმ ერთი თვე დაგვჭირდება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ვალერი გელბახიანის ვარაუდით, ხვალინდელი პროცესი გადაიდება:
„მიხეილ სააკაშვილი დისტანციური ჩართვის მზადყოფნას აცხადებს. ხვალინდელ პროცესში მე მონაწილეობას არ მივიღებ, შალვა ხაჭაპურიძე იქნება. ეს პროცესი გადაიდება, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის და მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს. ეს მტკიცებულებები კვლევებს და დიაგნოსტიკურ ნაწილს ეხება“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
შეგახსენებთ, ხვალ თბილსისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეს განიხილავენ. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ირაკლი ლომია აცხადებს, მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს და პროცესზე მისი გადაყვანა ნებისმიერი დამხმარე საშუალებით შეიძლება მოხდეს.
მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი