LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

498
მიხეილ სააკაშვილი

9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე იმსჯელებს. აღნიშნული მოთხოვნით დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა და მოტივად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება დაასახელა. სააკაშვილის ადვოკატები ასევე ითხოვენ, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანას, თუმცა როგორც თავადვე ვარაუდობენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მათ მოთხოვნაზე, რამდენიმე სხდომა დასჭირდება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ცალსახაა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის პოზიცია, რომელმაც ექსპრეზიდენტის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ამასთან, მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდეს, რაც ბრეგაძის თქმით, დაუშვებელია.

რაც შეეხება უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბოლო ცნობებით, როგორც ეს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმებმა განაცხადეს, „მიხეილ სააკაშვილი ამ გარემოს უნდა მოსცილდეს და საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.“

„პაციენტი აცხადებს, რომ ვერ იღებს საკვებს და ამ ფონზე განვითარდა კახექსია. მოსალოდნელია მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება. ეს შეიძლება, შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიად, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება, მოჰყვეს“, – განაცხადა სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექიმმა, ნევროლოგმა და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „ქართველი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს.“

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

აღნიშნულზე საპასუხოდ კი იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ „თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ და მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში.“ რატი ბრეგაძის მოსაზრებით, დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც მდგომარეობას იმაში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

პოლიტოლოგების მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია: ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „აკონტროლოს და მისი შესაძლო სიკვდილით გამოწვეული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს,“ ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს, რამაც შესაძლოა ქვეყნის იმიჯზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

 

რას ითხოვს დაცვის მხარე და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭრები

 

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს ჯერ კიდევ 1-ელ დეკემბერს მიმართა. როგორც მან შუამდგომლობაზე საუბრისას განმარტა, სარჩელის ძირითადი მოთხოვნაა სასჯელისგან გათავისუფლება, ვინაიდან მისი [სააკაშვილის] დაავადებები გათვალისწინებულია ჯანდაცვის მინისტრის იმ შესაბამისი ბრძანებით, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება.

თუმცა, ხაჭაპურიძემ იქვე დასძინა, რომ ალტერნატივის სახით, მხარეს სასჯელის გადავადებაც აქვს დაყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ 13 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ პატიმრებზე და მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. რეზოლუციის ინიციატორების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ის უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, უკვე გუშინ, 6 დეკემბერს, ქართველმა დიპლომატებმა „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს.

დასავლეთისგან ვითხოვთ გარკვეულ ზეწოლას ხელისუფლებაზე – ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ლეტალური შედეგის დადგომა ძალიან ცუდად იმოქმედებს ქართველი ადამიანების იმიჯზე: მამუკა გამყრელიძე

 

პასუხი სახელისუფლებო შტოდან

 

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებისა და მხარდამჭერების საერთო მოთხოვნას, რომელიც სააკაშვილის სასჯელის გადავადებას ან/და გათავისუფლებას გულისხმობს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უპასუხა და თქვა, რომ სასამართლო „მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს“.

ნინო ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას

მინისტრის განცხადებით, არსებობს კანონმდებლობით გაწერილი გზები და თუკი ვინმეს სურს, სასამართლოს მიმართოს, ბუნებრივია, ეს არის მისი უფლება. რაც შეეხება მოსალოდნელ გადაწყვეტილებას, როგორც რატი ბრეგაძის აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და მოსამართლემ, ამ საკითხზე, ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა იმსჯელოს.

„თუმცა, აქაც ვხედავთ მარტივ, იაფფასიან ხრიკებს – ისინი [ოპოზიცია] ყველა შესაძლო გზით, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებით, ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ისინი წინასწარ ეუბნებიან, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, რათა ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსამართლეზე ზეწოლა დაუშვებელია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მანვე დასძინა, რომ სააკაშვილის ინტერესების დამცველები ჯიუტად საუბრობენ სხვადასხვა დიაგნოზსა და მათი მკურნალობის მეთოდზე, რათა შექმნან სურათი, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.

„მოვისმინეთ ექიმის განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ.

ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით და არა მხოლოდ გათავისუფლებით, მაშინ რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან, ეს ყველაფერი აუხსნელია. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისევ მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

ექსპრეზიდენტის სასამართლო – მოსალოდნელი შედეგი და შესაძლო გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე

 

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე, ამ პროცესის შიდა პოლიტიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე გავლენებს – ამ თემებზე აზრი პოლიტოლოგებს ვკითხეთ. ექსპერტების მოსაზრება ამ თემაზე არაერთგვაროვანია: ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებისა და მომხრეების მცდელობა, სასურველი შედეგის მისაღებად, ევროსტრუქტურებში, როგორმე ლობისტების აქტიურობით ხელისუფლებაზე შეტევის ტალღა გააძლიერონ, არასაკმარისია და ეს ისევ მათ აზარალებთ.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლების სურვილია, ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში დარჩეს, რადგან მისი შესაძლო გათავისუფლებით ან/და სასჯელის გადავადებით, საკუთარ მომხრეებს შორის უკმაყოფილების გამოწვევა არ უნდა ან სულაც სურს, ისევ საკუთარ მომხრეებში ექსპრეზიდენტის საქმე პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს.

ექსპერტები მოვლენების განვითარების ორ სცენარზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სააკაშვილის სიცოცხლეს პრობლემა ციხეში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეექმნას, რაკიღა ეს შედეგი, ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად დააზარალებს.

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რთულია, წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი პოლიტიკურად გაიზომოს, თუმცა კი ამბობს, რომ საერთაშორისო არენაზე ამ საკითხს [სააკაშვილის საქმეს] გამოხმაურება ექნება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ტალღები გაჩნდა, რისთვისაც ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებმა, როგორც ეს საყვარელიძემ გვითხრა, ლობისტები დაიქირავეს.

„მეორე მხრივ, თუ დავაკვირდებით, უკრაინის ელიტა ამ მიმართულებით გააქტიურებულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, როცა რამდენიმე ადამიანი, თუნდაც ევროპარლამენტარი ან მედიასაშუალება აქცენტს გააკეთებს, რამდენად აჰყვება მას დანარჩენი.

ხოლო თუკი ასეთი „აყოლა“ მოხერხდება და [ამისთვის არიან დაქირავებული ლობისტები] რასაც შემდეგ პოლიტიკოსების აქტიურობა მოჰყვება ხოლმე, მაშინ მეტ-ნაკლები გამოხმაურება იქნება, თორემ იმ ევროპარლამენტარების რეპლიკები, რომელზედაც ჩვენ, ყველა ერთად ვმსჯელობთ, თავისთავად ძალის მატარებელი არ არის.

რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, რამდენად იქონიებს გავლენას პროცესზე რიგი ევროპარლამენტარების მოწოდება, ასე ვიტყოდი: რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება თუ მოწოდება საკმარისი არ არის, საჭიროა უფრო დიდი ტალღის აგორება“, – განუცხადა „ფორტუნას“ რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება, რადგან მისი მოსაზრებით, ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად ორივე ვარიანტი წაგებიანია. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა: „შეიწყალებენ და ოპოზიცია იტყვის ჩვენ გავიმარჯვეთო, არ შეიწყალებენ და შესაძლოა საერთაშორისო წრეებში გამოხმაურება გაიზარდოს.“

შეიცვალა თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – რას ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პოლიტოლოგს ასევე ვკითხეთ, რამდენად შესაძლებლად მიიჩნევს, სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლას და რომ თითქოს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა ააგორეს კამპანია, რომლითაც სურთ შექმნან სურათი, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაზედაც რამაზ საყვარელიძემ ასე გვიპასუხა:

„მოსამართლეზე ზეწოლა თავისუფლად შეიძლება. აქ საუბარია საზოგადოებრივ ზეწოლაზე, ეს ადმინისტრაციული ზეწოლა ხომ არ არის, არა? ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, მოსამართლეზე მოქმედებს და ამიტომაა, რომ მთელ რიგ ქვეყნებში მოსამართლეს კონტაქტები შეზღუდული აქვს იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ისიც ადამიანია.

რაც შეეხება კამპანიას, გასაკვირი არ არის   – აბა რა იქნება, პოლიტიკური მხარეა და, რა თქმა უნდა, კამპანიას წამოიწყებს იმისთვის, რომ თავისი გაიტანოს. სახელისუფლებო წრეებშიც, ასეთი კამპანიური ხასიათი ბევრ რამეს აქვს, ამიტომ ეს არც ერთი მხრიდანაა გასაკვირი და არ მეორე“, – გვითხრა ექსპერტმა და იქვე დასძინა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მით უფრო, ლეტალურ შედეგის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ხელისუფლება არ აიღებს:

„არავის გვჯერა და მათ შორის მეც, რომ სიკვდილის პირასაა, თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან წესით დეპრესიაში უნდა იყოს, რაც ძალიან მძიმე აშლილობაა, მაგრამ სიკვდილამდე გრძელი გზაა, ღმერთმა დაიფაროს.

რა გითხრათ, ქვეყნის პირველი პოლიტიკური პირის ციხეში სიკვდილი მე არც მახსენდება, ეს პოლიტიკურად მძიმე შედეგი შეიძლება გახდეს და გაითვალისწინეთ, რომ ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის იქნება მძიმე პოლიტიკური შედეგი, ამიტომ მთავრობა ალბათ, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს საიმისოდ, რომ ასეთი ტიპის პასუხისმგებლობა  საკუთარ თავზე არ აიღოს.“ – განუცხადა „ფორტუნას“ რამაზ საყვარელიძემ.

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც ხვალ სააკაშვილის განიხილავს

 

მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა მოვლენების განვითარების ორი სცენარი ვიხილოთ:

„პირველ რიგში, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება მოხდეს, ან გათავისუფლდეს, ან პრეზიდენტმა შეიწყალოს.

რა თქმა უნდა, რთულია, სასამართლოს კონკრეტული ინსტანციის შესახებ საუბარი, თუმცა რამდენიმე სცენარზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პირველი, ეს არის პესიმისტური სცენარი, რომლის შემთხვევაშიც, ხელისუფლების სურვილია, სააკაშვილი ამ ეტაპზე, ციხეში იმყოფებოდეს, რადგან მთავრობას არ სურს, მისი გათავისუფლების შედეგად, პირველ რიგში, საკუთარ მომხრეებს შორის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ თავის მომხრეებს დაკარგავს, რადგან არიან მომხრეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მხარს მაინც მათ დაუჭერენ, ეს ერთი საკითხი და მეორე:

შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. პოლიტიკური ვაჭრობა სურდეს იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი ეჭვობს, ამ სასამართლოს პირობებში, ობიექტური გადაწყვეტილება დადგეს:

„როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოზე, კი, შესაძლოა პატიმრის გათავისუფლება მმართველი პარტიისა და ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას გულისხმობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა დღეს საქართველოში თავისუფალი არ არის და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციით და ა.შ.

მეორე ვარიანტია უფრო ობიექტური სცენარი: შესაძლოა მმართველმა გუნდმა ზეწოლას ვერ გაუძლოს, რადგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უფრო და უფრო ძლიერდება. ზეწოლა სხვადასხვა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. უფრო სწორად რომ ვთქვათ, დასავლური საზოგადოება „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო მომთხოვნი გახდება.

ამ ზეწოლის საფუძველზე კი, ხელისუფლებას შესაძლოა არ სურდეს, ურთიერთობა გაიფუჭოს და დასავლეთთან ხიდები ბოლომდე დაწვას. ამასთან, ჩვენ ვიცით სამედიცინო დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა პრობლემები აწუხებს და მათ შორის, ერთ-ერთი დემენციას, ანუ, ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება, რა თქმა უნდა, თუ ამას ლეტალური შედეგი მოჰყვება, ბუნებრივი და შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას დამატებითი პრობლემები შეექმნას: გაძლიერდეს ზეწოლა და ამასთან ერთად, შესაძლოა ამას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვეს.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნიკა ჩიტაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g